სუსი: ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოიკითხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა.

სუსის განცხადების მიხედვით, ღარიბაშვილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის და არც მის ქმედებას აქვს კვალიფიკაცია მინიჭებული.

„დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადეს ბრიფინგზე.

17 ოქტომბერს გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრეა ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების სახლები.

სუსის ცნობით, ამოღებულია 7  002 200 აშშ დოლარი, 136 000 ლარი, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა.

დღეს, 22 ოქტომბერს დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე.

პროკურატურის ცნობით, ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი.

მათივე თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.