რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა

პუბლიკა

დღეს, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.

დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა.

„პუბლიკამ“ გადაიღო თამარ ლორთქიფანიძის, ვაჟა გაფრინდაშვილის, თამუნა გიორგაძისა და კიდევ რამდენიმე მოქალაქის დაკავება.

დაკავებების დაწყებამდე აქციის რამდენიმე მონაწილემ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა.

ერთ-ერთი მოქალაქე, თამარ ლორთქიფანიძე, პოლიციის მანქანის თავზე ავიდა – „როგორც გვექცევით, ისე გექცევით… ეს მზიასთვის“ – უთხრა მან პოლიციელებს.

ამის შემდეგ ცოტა ხანში პოლიციამ რუსთაველზე მყოფი მოქალაქეების დაკავება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 20-მდე მოქალაქეა დაკავებული, ერთი კი თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა, სისხლის სამართლის წესით, ხულიგნობის მუხლით.

რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე მოძრაობა აღდგენილია და საპროტესტო აქცია გრძელდება.