ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღეში თავად გააკეთებს განმარტებას.
„ვიყავით მოწმის სახით გამოკითხვაზე. დანარჩენ ფაქტებზე, გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ.
გამოვრიცხავ [რომ ჩვენება მისცა ვინმეს წინააღმდეგ], ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას და დეტალურად ახსნის ყველაფერს… რა იყო, როგორ იყო, რა ამოიღეს, რა არ ამოიღეს და რა არის ნაჩვენები, რაც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამება. რაც იყო ნაჩვენები ამოღებული ნივთები, სიმართლეს არ შეესაბამება“, – თქვა ადვოკატმა. მისი თქმით, ეს ღარიბაშვილის პირველი გამოკითხვა იყო.
„არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას, ეს არის აბსოლუტურად სხვა დეფინიცია. ამიტომ გეუბნებით, ერთია და განაცხადეს ბრიფინგზე, მეორე მხარე არ მოგისმენიათ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ კომენტარს, მაგრამ რამდენიმე დღეში გააკეთებს [განცხადებას ღარიბაშვილი]“, – თქვა ადვოკატმა სუსის განცხადებაზე, რომ ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტი.
ადვოკატის თქმით, რა ფორმით და როგორ გააკეთებს განცხადებას, ამაზე ჩამოყალიბდებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოიკითხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა.
სუსის განცხადების მიხედვით, ღარიბაშვილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის და არც მის ქმედებას აქვს კვალიფიკაცია მინიჭებული.