აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ ინფორმაციის გარკვევამდე მას ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
მისი ცოლის ცნობით, სადიგოვი პარლამენტთან აქციაზე უნდა მისულიყო, თუმცა სახლიდან გასვლის შემდეგ მას ვეღარ დაუკავშირდნენ.
„ჩემი მეუღლის, აფგან სადიგოვის შესახებ ინფორმაციას ვერ ვიღებ! დღეს ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი უნდა წასულიყო საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 329 დღეა, გრძელდება. თუმცა სახლიდან გასვლის შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა.
გუშინ და წინა დღეს აფგანმა შემატყობინა, რომ მას უთვალთვალებდნენ. როგორც ჩანს, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რეპრესია ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმების მხრიდან“, – დაწერა სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლმა სევინჩ სადიგოვამ 20:55-ზე.
ამავე ინფორმაციას ავრცელებდა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.
„აფგან სადიგოვთან კონტაქტი გაწყდა დღეს საღამოს და ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით.
კამერა, რომელიც მის სახლთან დავამონტაჟეთ, მაღალი ალბათობით გამორთული აღმოჩნდა იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომელიც ემთხვევა მისი ბოლო კომუნიკაციის დროს მეუღლესთან, სადაც მან უთხრა, რომ რუსთაველზე მიდიოდა.
რუსთაველზე აფგან სადიგოვი, მაღალი ალბათობით, ვერ წავიდა, რადგან მისი თანხმლები პირი, ვისთან ერთადაც მეტროთი რუსთაველზე მიდიოდა ხოლმე, ამბობს, რომ დანიშნულ დროს აფგანი მასთან არ მივიდა.
გამორთული კამერა მისი გასვლის ეპიზოდს არ აჩვენებს. სახლის კარები ახლაც დაკეტილია და ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გამოვიძახეთ პოლიციაც. იმედი მაქვს, რომ აფგან მუხთარლის სცენარი არ ვითარდება ახლა და მისი გატაცების სპეცოპერაციაც არ დაიგეგმა“, – წერდა თამთა მიქელაძე, რომელმაც მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა, რომ სადიგოვი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული:
„მეგობრებო, აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დაკავებული აღმოჩნდა. საპატრულო პოლიციამ ორჯერ არ დაგვიდასტურა დაკავების ფაქტი და მხოლოდ ახლა გვაცნობეს. ოჯახის წევრების მიერ გაზიარებული შიშები და მოსაზრებები უფრო უარესზე, კიდევ კარგი, არ გამართლდა. ხვალ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ და გაცნობებთ“, – დაწერა მიქელაძემ 22:46-ზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. უწყება მის აზერბაიჯანში ექსტრადირებას გეგმავდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადირება აუკრძალა.
2025 წლის 16 აპრილს სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.