თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.
კალაძის თქმით, ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას გულისხმობს ე.წ. Design-Build მეთოდით.
მისივე თქმით, ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან.
„ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანია, დიდი დიღმის მოსახლეობა მეტროპოლიტენთან დააკავშიროს, რის შედეგადაც, ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.
აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოს მოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ტენდერი დეკემბრის ბოლოს დასრულდება და გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.