„რა თქმა უნდა, დასანანია ძალიან ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ადრესატი არის შესაბამისი უწყება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სუსში გამოკითხვის შესახებ.
კობახიძე დამატებითი კომენტარის გაკეთებას მოერიდა და შეკითხვები საგამოძიებო უწყებებისკენ გადაამისამართა.
„მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. არ მინდა, ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, დასანანია ძალიან ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ადრესატი არის შესაბამისი უწყება”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ივანიშვილს უკომპრომისო დამოკიდებულება აქვს კორუფციასთან დაკავშირებით.
„2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. მეტიც, კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა ენერგეტიკის, პირდაპირი პრივატიზაციის მიმართულებით და ა.შ. შესაბამისად, ბიუჯეტი იღებს სარგებელს ნებისმიერი გადაწყვეტილებიდან.
მე შემიძლია, დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ყოველთვის ასე იყო. მინდა, შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერში, როცა ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. შეგიძლიათ, ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, აქტი, ნებისმიერი ტენდერი, პრივატიზაცია. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს ვუპასუხებთ, ვერ გვაძლევთ ვერცერთ ასეთ ფაქტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოიკითხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა.
სუსის განცხადების მიხედვით, ღარიბაშვილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის და არც მის ქმედებას აქვს კვალიფიკაცია მინიჭებული.
ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღეში თავად გააკეთებს განმარტებას.