თურნავა „ლუკოილის“ სანქცირებაზე: შევისწავლით, ვნახავთ. სანქციების დაცვა არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები

პუბლიკა

როგორ მოიქცევა საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის მიერ „ლუკოილის“ დასანქცირების შემდეგ – ამ შეკითხვაზე სების პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ ქართული ბანკები სანქციებს იცავენ და ამ შემთხვევაშიც შეისწავლიან და იმოქმედებენ შესაბამისად.

„საერთაშორისო სანქციების შემოღების, თვითონ ამ რეჟიმების შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს.

უკვე სამი წელია, ჩვენ პრაქტიკულად არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ახლა ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა, ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორიც ვიმოქმედებთ შესაბამისად, შევისწავლით, ვნახავთ და რა საკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა ეს არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება“, — განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2025 წლის 22 ოქტომბერს გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, კერძოდ — ქვეყნის ორ უმსხვილეს ნავთობის კომპანიაზე, „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“.

OFAC-ის გადაწყვეტილებით, სანქციები ვრცელდება არა მხოლოდ „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“, არამედ მათ შვილობილ კომპანიებზე და ყველა ორგანიზაციაზე, სადაც მათ აქვთ 50%-ზე მეტი წილი.