SJC: აფგან სადიგოვის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების მიზანი პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტების სამაგალითოდ დასჯაა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, აფგან სადიგოვის მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისი მიზანი პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯა უფროა.

აფგან სადიგოვს ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიხედვით, აფგან სადიგოვი განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე საათი ჰყავდათ ავტომობილში მოთავსებული და ხელებზე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ხელბორკილი. პოლიციის თანამშრომლებმა მას არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის და გასაუბრების შესაძლებლობა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის დროს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ვიდეომასალა, სადაც ადგილზე მყოფ პირებს მოუწოდებდნენ გზის გათავისუფლებისკენ ქართულ ენაზე. მიუხედავად ადვოკატის განმარტებისა, რომ აფგან სადიგოვს არ ესმის ქართული ენა, მოსამართლემ აღნიშნული გარემობა არც კი შეაფასა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი.

უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მასობრივად აკავებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის ან გზის გადაკეტვის საფუძვლით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს დაკავებულთა მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას, მოსამართლეები ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას იყენებენ და უარს ამბობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენებაზე რაც სიტყვიერ შენიშვნას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა გაამკაცრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა და უკანასკნელი ცვლილებები სწორედ ასკ-ის 174-ე პრიმა მუხლს შეეხო. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საპროტესტო აქციაზე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აგრეთვე შეკრება-მანიფესტაციაზე ცეცხლსასროლი, ფეთქებადი, პიროტექნიკული და სიცოცხლისთვის საშიში საშუალებების ქონა დაისჯება 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, ხოლო ხალხის ან ტრანსპორტის მოძრაობისთვის დაბრკოლებების შექმნა, მათ შორის გზის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვისთვის აგრეთვე უალტერნატივოდ გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, ნიღბით სახის დაფარვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ცრემლსადენი საშუალების ტარება იმავე ქმედებებისთვის სახდელდადებული პირის მიერ, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამ ქმედებებისთვის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებები და სასამართლო პრაქტიკა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ფაქტობრივად ახდენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებას საქართველოში. გაუმართლებლად მაღალი სახდელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დაბალი პროცედურული სტანდარტების ფონზე, ქმნის ადამიანის თავისუფლებებში უხეში და აგრესიული ჩარევის მაღალ რისკებს და მოქალაქეს სრულიად დაუცველს ტოვებს რეპრესიული სახელმწიფო აპარატის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.