ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
გელა უძილაური მკვლელობას აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს განზრახ და შეკვეთით – არ გაუკეთებია.
უძილაურმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ლევან ჯანგველაძეს პირადი უთანხმოების საფუძველზე ესროლა. ეს ეწინააღმდეგება პროკურატურის ვერსიას, რომლის თანახმადაც, უძილაურმა შეკვეთილი მკვლელობა შეასრულა.
გელა უძილაურმა სასამართლო განხილვისას განაცხადა, რომ 2022 წელს, უკრაინაში ყოფნის დროს მეგობრობდა მოქალაქე სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა და ამ საკითხზე ჯანგველაძესთან დალაპარაკება მოინდომა, შეხვედრაზე კი ჯანგველაძე მათ „ძალიან ცუდად მოექცა”. მისი თქმით, მკვლელობა უკავშირდებოდა უკრაინაში ლევან ჯანგველაძის დავალებით მისადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა უძილაურის ადვოკატმა დავით მუხიაშვილმა. დასკვნითი სიტყვით უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც.
მუხიაშვილმა განაცხადა, რომ უძილაურის დაკავებიდან დღემდე „საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია მისი „კილერად“ წარმოდგენის მიზნით“. ის სასამართლოს მოუწოდებდა, „მხოლოდ მტკიცებულებებით“ ეხელმძღვანელა.
დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ „მხოლოდ ეჭვებსა ვარაუდებზე დაყრდნობით ისაუბრა და გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა“.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ადვოკატისა და უძილაურის სიტყვებს შორის, სასამართლოს დასკვნითი რეპლიკით მიმართა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
„თქვენ გაგწირეს. გაგწირეს მკვლელობის შემდეგ და გაგწირეს დღესაც“, – ასე მიმართა ვეფხვაძემ ბრალდებულ გელა უძილაურს.
ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის 14 მარტს მოკლეს. ჯანგველაძე „კანონიერი ქურდის“, მერაბ „სოხუმსკის“ ძმაა. დაიჭრა მისი მძღოლი და ამავე დროს, დაცვა გია ჩადუნელი.
გელა უძილაური, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია, 3 დღეში დააკავეს.
2025 წლის 24 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ბრალდებით დააკავეს სანდრო წივწივაძე. პროკურატურის განცხადებით, წივწივაძემ 2018-2019 წლებში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები უკანონოდ გაასაღა სხვადასხვა ადამიანებზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ჯანგველაძის მკვლელობისას იყო გამოყენებული.
2024 წლის 14 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ძმებს – დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან. მათზე ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურის ვერსიით, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ჯანგველაძესთან და „ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება“.
გამოძიება აცხადებს, რომ გელა უძილაურმა შეკვეთილი მკვლელობა შეასრულა.
„რადიო თავისუფლების” ცნობით, 2025 წლის 24 სექტემბერს გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით ახსენა საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ასევე 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. კერძოდ, დეტექტივმა თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობა „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ფარცხალაძესა და მიქაძეებს შეუკვეთა.