თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტში თავიანთი მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ის ამბობს, რომ ამ მხრივ გახარიას პარტიის წევრები „ყველაზე ჭკვიანები გამოდგნენ“.
„რა თქმა უნდა, გახარიას პარტია ლეგიტიმაციას ვერ მისცემს პარლამენტს. მას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი, ქართველმა ხალხმა კი უკვე მისცა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. კონკრეტულ პარტიას რაც შეეხება, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.
ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ – რაღაც ანალიზი, შეფასებები გააკეთეს და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამით თვითონ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ზიანდებოდნენ. „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ამით არაფერი დაჰკლებია“, – თქვა კალაძემ.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა. პარტიის პოზიციით, პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია პოლიტიკური ასპარეზიდან გააქრო, რამაც „ოცნებას“ შესაძლებლობა მისცა, წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი.
საგაზაფხულო სესიის დახურვამდე „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის“ საბაბით უფლებამოსილება გახარიას პარტიის 12 დეპუტატს შეუწყდა. მოგვიანებით „ოცნებამ“ 12 დეპუტატის ადგილმონაცვლეების მანდატები ცნო.
ესენი არიან:
- გელა აბულაძე
- ჯემალ ანანიძე
- ქეთევან ბაკარაძე
- რუსუდან თევზაძე
- მალხაზ თორია
- შალვა კერესელიძე
- სალომე კობალაძე
- გიგა ფარულავა
- ვიკა ფილფანი
- გიორგი შარაშიძე
- თამარ ხვედელიანი
- სოფო ხორგუანი
თუმცა, 26 ოქტომბერს რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და ტოვებს პარტიას. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას პარტია თბილისის საკრებულოში ვერ მოხვდა, ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში 3,6% პროცენტი მოიპოვა და 4%-იანი ბარიერი გადალახა.