ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გრძელდება „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლა.
ამ საქმეზე უკვე დაკავებულები არიან სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე და კიდევ 12 პირი.
დღეს, 27 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
„საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მოიპოვეს „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა, სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებისათვის „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 12 935 750 ლარიდან, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 111 054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დამატებით სააგენტოსგან კიდევ ერთი პროგრამით – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით მიიღეს საერთო ჯამში 1 559 739 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებულების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები.
დანაშაულებრივი გზით მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გამოძიების პროცესში სრულად იქნა მოძიებული და დაყადაღებული.
გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5 670 793,2 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3 008 906,67 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი“, – აცხადებს უწყება.
„სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საქმეზე 2025 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში, დაკავებულია 13 პირი, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე და სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.