პროკურატურის ინფორმაციით, პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაზარალებულისგან მოტყუებით მოიპოვა სოციალური ქსელ „FACEBOOK”-ის პაროლის აღსადგენი კოდი, უკანონოდ შეაღწია მის პროფილზე და დაზარალებულის მესამე პირთან პირადი ხასიათის მიმოწერას გაეცნო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) და 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.