„შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა - დემოკრატიული პოლიტიკური ძალები გავერთიანდეთ“ - ბოკუჩავა პარტიების აკრძალვაზე

პუბლიკა

 „ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის, მათ შორის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.

 „პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის უკეთესი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება….

… ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე, არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, – განაცხადა ბოკუჩავამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვენ. ეს პარტიებია: „ენმ”; „ახალი”; „ლელო”. შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” იხელმძღვანელა შემდეგი პრინციპებით: რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება; რამდენად უქმნის პარტია რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.

პაპუაშვილისვე თქმით, „არ იკვეთება შემდეგი პარტიების აკრძალვის აუცილებლობა”: „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“.