„ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია „ლელო- ძლიერი საქართველო“. წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაშ შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის, მათ შორის – „ძლიერი საქართველო-ლელოს“, აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.
„რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომლებიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით.
მე ახლა ვდგავარ ჩემს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით „ლელოს“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან – ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან.
…. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან, პოლიტიკური კომუნიკაციით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი – ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა სტრატეგიულ ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – განაცხადა კუპრაძემ.
„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვენ.
ეს პარტიებია: „ენმ”; „ახალი”; „ლელო”.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” იხელმძღვანელა შემდეგი პრინციპებით:
- რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება;
- რამდენად უქმნის პარტია რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
პაპუაშვილისვე თქმით, „არ იკვეთება შემდეგი პარტიების აკრძალვის აუცილებლობა”: „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“.