პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა

პუბლიკა

სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა და ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სარჩელს სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის შემადგენლობაში არიან ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

სარჩელის ავტორები მოითხოვენ, აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ – სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, „ზემოაღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

სარჩელის ტექსტში წერია, რომ ეს სამი პოლიტიკური პარტია:

  • „საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ;“

  • „აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.“

ტექსტში ნახსენებია ამ პარტიებთან „მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიებიც“, მათ შორის, „დროა“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, „რესპუბლიკელები“ და „სხვა ფიქციური, ერთკაციანი და მცირე პარტიები“.

აღნიშნულია, რომ „მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.“

„მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, – ნათქვამია სარჩელში.

სარჩელში ცალკე ქვეთავებადაა მიმოხილული ის ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც, „ოცნება“ სამ პარტიას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

  • ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფის ნაწილში განხილულია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა, წამებისა და სიცოცხლის მოსპობის სხვა შემთხვევები, უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკა, ქონების გამოძალვის პრაქტიკა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვა და სხვა.
  • არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარების ქვეთავში ვრცლად საუბარია 2016 წლიდან 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებულ არჩევნებსა და ოპოზიციის ბოიკოტსა და საპროტესტო გამოსვლებზე;
  • საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ქვეთავში საუბარია 2008 წლის ომზე და ენმ-ის ხელისუფლების ფაქტორზე ამ ომში;
  • ასევე სარჩელში საუბარია 2012 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე და სამი პარტიის ოპოზიციურ საქმიანობაზე.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია. სარჩელის წარმდგენი „ოცნების“ პარლამენტის 88 დეპუტატია.

კანონით, პარტიების აკრძალვაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა რეგისტრაციიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.