ენმ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა რამდენიმე ეტაპად – გასაჩივრდება წულუკიანის კომისიის დასკვნა, შემდეგ ის კანონები, რომლითაც „ქართული ოცნება“ პარტიებს კრძალავს, მესამე ეტაპზე კი გასაჩივრდება საკუთრივ „ოცნების“ სარჩელი.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების ეტაპზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამათლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით… მეორე ეტაპზე გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელები, რომლითაც „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად აუქმებს პარტიებს… მესამე ეტაპზე კი შეეხება საკუთრივ „ქართული ოცნების“ სარჩელს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარტიების აკრძალვისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ კანონებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა „ძლიერმა საქართველომ“. კოალიცია კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.


„ქართულმა ოცნებამ“ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა.

სარჩელის ავტორები მოითხოვენ, აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ – სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, „ზემოაღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

სარჩელის ტექსტში წერია, რომ ეს სამი პოლიტიკური პარტია:

  • „საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ;“

  • „აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.“

ტექსტში ნახსენებია ამ პარტიებთან „მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიებიც“, მათ შორის, „დროა“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, „რესპუბლიკელები“ და „სხვა ფიქციური, ერთკაციანი და მცირე პარტიები“.

აღნიშნულია, რომ „მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.“