პროკურატურა: „სფერო ინვესტმა" 244 მოქალაქისგან 12 მილიონამდე ლარი მიითვისა

პუბლიკა

პროკურატურამ „სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელ გიგა წულეისკირს და „სფერო ინვესტის” დირექტორ გიორგი მურუსიძეს ბრალი წარუდგინა. დაკავებულია გიგა (გივი) წულეისკირი.

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე – თაღლითობის მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი ჯგუფის მიერ და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება ამბობს, რომ მათ მოქალაქეებს 12 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენეს. დაზარალებულია 244 მოქალაქე.

პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

პროკურატურის თანახმად, წულეისკირმა და მურუსიძემ დააფუძნეს „სფერო ჰოლდინგი”, რომლის 100%-იან წილსაც წულეისკირი ფლობდა, ხოლო „სფერო ჰოლდინგის” მონაწილეობით დააფუძნეს „სფერო ინვესტი”, რომლის დირექტორადაც გაფორმდა მურუსიძე. თუმცა, უწყების განცხადებით, კომპანიას ორივე მათგანი ერთობლივად მართავდა.

უწყების ცნობით, გიგა (გივი) წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე „სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები.

„კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტია“ ანგარიშზე შეჰქონდათ თანხა, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს.

ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხა.

მიუხედავად ამისა, „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხა, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

„კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს”. – ამბობს პროკურატურა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს, მურუსიძის მიმართ კი კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.