„ოცნების“ პარლამენტმა III მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილი იქნება, გამოითხოვოს საგადასახადო და პერსონალური ინფორმაცია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. 

მესამე მოსმენის დროს მიღებული რედაქციის მიხედვით, ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

ცვლილებები შევიდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის წესის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებსა და „საგადასახადო კოდექსში“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაცია ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, რისთვისაც შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ფუნქციებს შორისაა რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება, ანალიზი, მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურები, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობის, ეფექტიანობისა და გამჭირვალობის შეფასება, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, აუცილებელია, ეფექტიანობის დეპარტამენტს მიენიჭოს მონაცემთა გამოთხოვის უფლებამოსილება, რადგან რისკების გამოვლენა და შეფასება მხოლოდ ზედაპირული ან საჯარო მონაცემებით შესაძლებელი არაა.

„სამუშაო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა პერსონალური და სხვა ტიპის მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს ობიექტური და რეალური სურათის დასანახად.

ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება გაზრდის ანალიზის ხარისხს, რითაც დეპარტამენტს მიეცემა შესაძლებლობა გამოსცეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, ანგარიშები და წინადადებები. მაგალითისთვის, ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარჯვითი ნაწილი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებათა ჯამმა შეადგინა 36,94 მილიარდი ლარი. მხოლოდ 2024 წლის მონაცემებით, განხორციელდა 8,14 მილიარდი ლარის საქონლის, მომსახურების და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა. ხსენებული უფლებამოსილება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დასახული მიზნების მიღწევას.

შესაბამისად, აუცილებლია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაციის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა, იმ ფუნქციების განსახორციელებლად, რომელიც საჭიროა კონტროლის ხელშეწყობის განხორცილების პროცესში და რაც აუცილებელი იქნება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.