შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქართული ოცნების“ პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
უწყების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს:
-
50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;
-
50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;
-
40-დან 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;
-
30-დან 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;
-
დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.
-
დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
-
ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად მანქანა, შესაძლოა, დაექვემდებაროს სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საგზაო უსაფრთხოება გამოწვევად რჩება, ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა, 6000-ზე მეტი კი დაშავდა.
„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები“, – აცხადებს უწყება.