საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ - ოპოზიციაში ინიციატივას აკრიტიკებენ

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.

„ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა ამ ინიციატივას „საქართველოში დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას“ უწოდებს.

 „ქვეყანაში, საიდანაც ადამიანები გარბიან და ემიგრაციიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებს, ქვეყანაში, სადაც ივანიშვილმა უპერსპექტივობისა და სიღარიბის გარემო შექმნა, რის გამოც ადამიანებს ქვეყნის დატოვება უწევთ და მილიონზე მეტი ემიგრანტი ჰყავს საქართველოს, კრძალავენ ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლებას. ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ ემიგრანტებზე და მათ სამოქალაქო უფლებებზე, ან პოლიტიკურ პარტიებზე – ეს არის არჩევნების როგორც დემოკრატიული ინსტიტუციის გაუქმების მცდელობა. ეს არის დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა საქართველოში.

რატომ აუქმებენ საარჩევნო ხმებს ემიგრანტებისთვის? იმიტომ, რომ ემიგრაციაში „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს საარჩევნო ხმებს. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „კოალიცია ცვლილებისთვის“ 11 ათასზე მეტი ხმა მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი – 4000-ზე ოდნავ მეტი. ივანიშვილი ვერ ახერხებს, ემიგრანტებში აკონტროლოს ხმები სუსის, დაშინების, მოსყიდვის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით.

ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ შური იძიოს ემიგრანტებზე და წაართვას საარჩევნო ხმის უფლება, გააუქმოს არჩევნები და დემოკრატია. არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ. ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს“,- ამბობს ლემონჯავა.

„იციან, რომ ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია, ეს მათთვის პრობლემაა და გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალონ“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებს.

„ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ, რადგან ბოლო არჩევნებში კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, ეს მათთვის პრობლემაა და გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ემიგრაციაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო არიან, რომელიც რეჟიმმა შექმნა ქვეყანაში და არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვრონ და იმუშაონ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება.

„ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში საქართველოდან წავიდა ასეულობით ათასი მოქალაქე, რომელიც გაექცა პოლიტიკურ დევნას, სიღარიბეს, კორუფციას და უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაში ივანიშვილმა შექმნა. ჩნდება კითხვა – რატომ უნდა ივანიშვილს სწორედ ახლა შეცვალოს და გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას მოქალაქეებს ხმის უფლება მაშინ, როცა მორიგ ე.წ. სტანდარტულ სამართლებრივ პირობებში მორიგი არჩევნები წესით უნდა იყოს 2028 წლის შემოდგომაზე – ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული, ძალადობრივი მოქმედებებისა და პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განვსაზღვრავდეთ წინააღმდეგობის საერთო სტრატეგიას ივანიშვილის ძალადობრივ ხელისუფლებასთან“, – თქვა კუპრაძემ.

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, დაანონსებული ცვლილება ეწინააღმდეგება ხმის მიცემის საყოველთაოობის პრინციპს.

„რაც მთავარია, ამით „ოცნება“ აღიარებს რომ ეშინია არჩევნების და მისი 60%-იანი მხარდაჭერა მხოლოდ სიცრუე და მითია. ამ ინიციატივით „ოცნება“ ცდილობს საქართველოს იზოლირებას უკვე არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, არამედ ცდილობს საქართველოს იზოლირებას საკუთარი მოქალაქეებისგანაც. „ოცნება“ აღიარებს, რომ სურს, ხმის უფლება შეუზღუდოს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის ქვეშ არ არის და ეს დაუმალავად გაამხილა. საკუთარი მოქალაქეებისგან გაქცევის მცდელობა, საკუთარი მოქალაქეებისგან ქვეყნის იზოლირება და ხალხის ნების შიში – ეს არის დღეს „ოცნების“ რეალობა.

და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ართმევს მოქალაქეების იმ სეგმენტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს წილს ქმნის: ემიგრანტების გზავნილების მოცულობა 2024 წელს თითქმის 10 მილიარდი ლარი იყო. ეს თანხა, მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ის და ქვეყნის მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტის თითქმის 30%-ის ტოლია. დღეს „ოცნებამ“ აღიარა, რომ ემიგრანტები მისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან „ოცნების“ პროპაგანდა მათზე ვერ ვრცელდება და არანაირი ბერკეტი ამ ადამიანებზე ზემოქმედების არ არსებობს – არც დაშინება, არც მოსყიდვა და არც პროპაგანდა, შესაბამისად ერთადერთი გზა რჩებათ, ამ ადამიანებს შეუქმნან ბარიერები არჩევნებში მონაწილეობისთვის. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მწვავე წინააღმდეგობას გაუწევს „ოცნების“ ამ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივას, ყველა პოლიტიკურ ბერკეტს და ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ეს მავნებლობა არ დაკანონდეს და ჩვენს ემიგრანტებს არ შეეზღუდოთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, – თქვა გიორგი შარაშიძემ.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც „კარგად აჩვენა რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან“.

პაპუაშვილის აზრით, ამ მხრივ ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, „რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ და სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციებს.

„ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები“, – ამტკიცებს პაპუაშვილი.

„ოცნების“ პოზიციაა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“.

მისივე თქმით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს: ირლანდიაში, მალტაში, ისრაელში, სომხეთში.