„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
როგორც „ოცნების“ მთავრობა წერს, ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.
გარდა ამისა, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო ე.წ. ტრამპის მარშრუტზე საქართველოს პოზიციას და მის შესაძლო პოზიტიურ ეფექტს რეგიონში.
„შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით“, – აღნიშნავს ადმინისტრაცია.
საქართველოში ვიზიტით იმყოფება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროს მრჩეველი) ჯონათან ასკონასი. საელჩოს განცხადებითვე, ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.