„თავისუფლების მოედანი“ პარტიად დარეგისტრირდა

პუბლიკა

„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე წერს, რომ „თავისუფლების მოედანი“ უკვე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა.

„პარტიის რეგისტრაციის გზაზე მრავალი პრობლემა შეგვექმნა, ზოგი მოსალოდნელი, ზოგი სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილი გვქონდა, ეს ბრძოლაც აუცილებლად ბოლომდე მიგვეყვანა. ათასგვარი ბიუროკრატიული ხრიკი და წინაღობა დავძლიეთ.

თანაც, აუცილებლად გვინდოდა ისეთი წესდება და პროცედურები გვქონოდა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ. ამ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა: „თავისუფლების მოედანი“ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა.

ხვალ რას მოიფიქრებს იგივე რეჟიმი, არავინ იცის, რადგანაც ის ახალი პარტიების სამომავლოდ აკრძალვასაც კი გვპირდება, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა ყველგან საჭიროა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“,- წერს ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაარსდა. 2024 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფლების მოედანი“ „ლელოს“ ირგვლივ შექმნილი კოალიციის წევრი იყო. მოგვიანებით, 2025 წელს კი კოალიცია დატოვა.

აქამდე „თავისუფლების მოედანს“ ორჯერ უთხრეს უარი პარტიის რეგისტრაციაზე.