მოსამართლემ შეწყვიტა საქმე, რომლითაც ამაღლობელი კობახიძისგან ბრალდებების უარყოფას მოითხოვდა

პუბლიკა

მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლითაც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მოითხოვდა მის მიმართ ცრუ ბრალდებების უარყოფას

მოსამართლემ თქვა, რომ „პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე სარჩელი არ დაიშვება“.

გადაწყვეტილება მან ადგილზე თათბირით მიიღო.

სხდომას ესწრებოდა მხოლოდ მზია ამაღლობელის ადვოკატი ანა რეხვიაშვილი. პროცესზე არ მისულა მზია. სასამართლოში არ გამოცხადებულა არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.

მზია ამაღლობელი მოითხოვდა ირაკლი კობახიძის ორი განცხადების უარყოფას:

  • 2025 წლის 10 ივლისს პროპაგანდისტული ტვ „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების;
  • 2025 წლის 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული განცხადების.

ორივე განცხადებით „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა „უცხო ძალებისგან“ მიღებული დაკვეთით  გააწნა, მიზანი კი პოლიციის იმიჯის დაკნინება იყო.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მოსამართლის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა პოლიტიკოსებს, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ და ამის გამო პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.

„ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ვალდებულება, ემტკიცებინა, რომ მის მიერ გავრცელებული განცხადება არ იყო მცდარი ფაქტის შემცველი, თუმცა სასამართლომ მოკლე გზა აირჩია ამ დავის დასასრულებლად ისე, რომ მოწმე ირაკლი კობახიძე წარმოდგენილიც კი არ ყოფილა.

მოსამართლემ თქვა, რომ განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, არის პოლიტიკური დებატის ფარგლებში გავრცელებული განცხადება და ამისთვის არ შეიძლება, მას დაეკისროს პასუხისმგებლობა.

თავისი შინაარსით, ასეთი მიდგომა ასეთი სარჩელის მიმართ არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის. სასამართლომ ფაქტობრივად გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ და პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ“. – თქვა ადვოკატმა.