მზია ამაღლობელის ადვოკატები მოწმის სახით ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვენ

პუბლიკა

მზია ამაღლობელის ადვოკატები მოწმის სახით ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვენ.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან 16 აპრილს სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

კობახიძემ თქვა:

„მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია”.

მზია ამაღლობელის ადვოკატ ჯუბა ქათამაძის თქმით, კობახიძის ამ განცხადებებიდან „აშკარად გამოჩნდა, რომ ის ფლობს მზია ამაღლობელის საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამიტომ დაცვის მხარეს წარმოეშვა მისი გამოკითხვის სურვილი“.

ჯუბა ქათამაძემ ასევე ილაპარაკა გურიის პოლიციის დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკზე, რომლის თანახმადაც, ჩიტაია პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს მოახსენებს, რომ მზია ამაღლობელი ტელეფონით იღებდა ინსტრუქციებს.

„მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე გამომძიებელმა მიხეილ დარჩიამ მობილურ ტელეფონზე დანიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

ხოლო პროკურორმა შოთა ჩხაიძემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში იშუამდგომლა მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

შესაბამისად, უტყუარია, რომ საკითხი, რომელშიც ირაკლი კობახიძე მტკიცებით ფორმაში საუბრობს, კერძოდ, დავალებებისა და ინსტრუქციების მიღებაზე, მზია ამაღლობელის ბრალდების საქმეზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს“,  – თქვა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ.

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას. პროკურორ თორნიკე გოგეშვილის თქმით, თანამდებობის პირების განცხადებები ვერ იქნება მტკიცებულება.

შუამდგომლობაზე სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

მზია ამაღლობელის საქმეზე დღეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხებიან.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს სწორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.