ალექსანდრე ხაბეიშვილის ისტორია | 4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულები

6 ოქტომბერს, ღამის საათებში, სამეგრელოს პატარა სოფელში, სეფიეთში მცხოვრები ხაბეიშვილების ოჯახში სპეცრაზმი შეიჭრა.

ოჯახის მონათხრობის მიხედვით, ლოგინებიდან წამოყრილმა, თავზარდაცემულმა ბავშვებმა, მეუღლემ და დედ-მამამ დაინახეს, როგორ ჰყავდა 40-მდე ნიღბიანს ჭიშკართან მიმწყვდეული ხელებზე ბორკილებდადებული 35 წლის ალექსანდრე ხაბეიშვილი. ალექსანდრეს ოჯახი სოციალურად დაუცველია. 4 გოგონა ჰყავს. უმცროსი, ევა, 5 წლისაა. ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვს ევასაც და თავად ალექსანდრესაც.

ბავშვი პერიოდულად დაჰყავთ თურქეთში აუცილებელი მკურნალობის კურსებისთვის.

ალექსანდრე თვითდასაქმებულია, თვეში 15 დღე ზუგდიდში მუშაობდა – მეთონეობით არჩენდა ოჯახს. მეუღლე ვერ მუშაობს, რადგან 4 შვილს მოვლა სჭირდება.

მშობლები სეზონურ სამუშაოებში არიან ჩართულნი – თხილის კრეფა, სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, სადაც დღიურ გამომუშავებაზე არიან. ეს შემოსავალი ოჯახს არაფერში ჰყოფნის. ბავშვის მკურნალობის თანხებს მეზობლების, ნათესავების, საბანკო სესხების მეშვეობით უმკლავდებიან.

„პუბლიკა“ სოფელ სეფიეთში ხაბეიშვილების ოჯახს ესტუმრა.