საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თქვა, რომ ელექტროენერგიის გადასახადი გაიზრდება. მისი განცხადებით, მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა მხოლოდ ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრისა და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია სწორედ ამ ეტაპზე მუშაობს ისეთ საკითხზე, როგორიცაა, კომპანიების აუდიტის დასრულება; როგორიცაა, ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა“, – თქვა დავით ნარმანიამ.