მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად ქალი პოლიტიკოსები რუსთავში ქალთა ციხესთან შეიკრიბნენ

პუბლიკა

„მზია 1 წელია ციხეშია!“, „თავისუფლება მზიას!“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ – მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად ქალი პოლიტიკოსები რუსთავში ქალთა ციხესთან შეიკრიბნენ.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 1 წლის წინ, 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა. 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის 2-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა.

ნიკოლოზ მარგველაშვილის, მარინა სირაძისა და ნანა ჯოხაძისგან დაკომპლექტებულმა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა.

****

მზია ამაღლობელმა 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება.