პენიტენციური უარყოფს, რომ მსჯავრდებულებს ტელეფონით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ

პუბლიკა

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებული ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ქერაშვილს და მის საკანში მყოფ თორნიკე გოშაძესა და გური მირცხულავას ტელეფონით სარგებლობა შეეზღუდათ.

იგივე ინფორმაცია გაავრცელა რეზო კიკნაძესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ირაკლი ნადირაძისგან შეიტყო.

ამ განცხადებების საპასუხოდ პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ განცხადებებში მითითებული ყველა პირი შეუზღუდავად სარგებლობს სატელეფონო საუბრის უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„ირაკლის საკანში ვინც არიან, ანუ ირაკლის, თორნიკე გოშაძეს, გური მირცხულავას შეეზღუდათ ზარების განხორციელება… ვხედავთ ტოტალური კონტროლის მექანიზმების ამოქმედებას და ნამდვილად არ გამოვრიცხავ იმას, რომ სინდისის პატიმრები არიან, რეალურად, ერთ-ერთი ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ამ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, აჯანჯღარებს „ქართულ ოცნებას“, – ამბობს რეჟიმის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი „ფორმულასთან“ საუბრისას.

„გუშინ შევხვდი გლდანის ციხეში პოლიტპატიმარ ირაკლი ნადირაძეს და მან გადმომცა თხოვნა საზოგადოების მიმართ, მედიის მიმართ, რომ რეზო კიკნაძეს, სინდისის პატიმარს, ასევე სხვა სინდისის პატიმრებს, რომლებიც გლდანის ციხეში იმყოფებიან, შეეზღუდათ საჯარო კომუნიკაცია, სატელეფონო კომუნიკაცია და 10 დღეში ერთხელ დაუწესდათ საშუალება, რომ საზოგადოებას ეკონტაქტონ“, – თქვა ბეჟაშვილმა „ფორმულასთან” საუბრისას.

პენიტენციური სამსახური მათ საპასუხოდ ამბობს:

„ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. მათ შორის, სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით სარგებლობის უფლება.

გავრცელებულ განცხადებებში მითითებული ყველა პირი შეუზღუდავად სარგებლობს სატელეფონო საუბრის უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ათ დღეში ერთხელ სატელეფონო უფლებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

აქვე აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და სატელეფონო საუბრის განსახორციელებლად ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბალანსზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი ოდენობის თანხა“.