პუტინის თქმით, ხამენეის სიკვდილი „ცინიკური მკვლელობაა“, რომელიც ჩადენილია „საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით“

პუბლიკა

რუსული სამთავრობო მედიის TASS-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა მიუსამძიმრა.

„მიიღეთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით.

ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეის დაამახსოვრებენ როგორც გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც დიდი პირადი წვლილი შეიტანა მეგობრული რუსულ-ირანული ურთიერთობების განვითარებაში და მათი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანაში. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი ყველაზე გულწრფელი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები უზენაესი ლიდერის ოჯახსა და ახლობლებს, ირანის მთავრობას და მთელ ირანელ ხალხს“,- ნათქვამია განცხადებაში.

აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს ირანიც ადასტურებს – სახელმწიფო მედიის ცნობით, ხამენეის ლიკვიდაცია შაბათ დილით თავდასხმისას, თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში მოხდა.

BBC -ის ცნობით, ირანის სახელმწიფო მედიამ ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება გაავრცელა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანაში 40-დღიანი საზოგადოებრივი გლოვა გამოცხადდა.