სააპელაციომ ძალაში დატოვა ე.წ. პიჯაკების საქმეზე სააკაშვილისა და ჯანაშიასთვის დაკისრებული 9 მილიონამდე ზარალის გადახდა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებს, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა აქვთ დაკისრებული.

2025 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი და ექსპრეზიდენტსა და მისი დაცვის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას დედამისის, გიული ალასანიას დაფუძნებულ „საქართველოს უნივერსიტეტს“ უკავშირებს. მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ უნივერსიტეტის დახურვას ცდილობენ. მისივე თქმით, მისი ქონება შედგება 75 კვადრატული მეტრის სახლისგან, ერთ-ნახევარი ჰექტარი ვენახისგან და კიევში სახლისგან.

გიული ალასანიას თქმით, უნივერსიტეტი მისი შვილის საქმიანობასთან კავშირში არაა და ფიქრობს, რომ კანონით, აღსრულების დროს უნივერსიტეტის ჩამორთმევა შეუძლებელია.

მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია ე.წ. პიჯაკების საქმეზე დამნაშავედ 2025 წლის 12 მარტს ცნეს.

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის მითვისებაში და 9 წელი მიესაჯა.

თეიმურაზ ჯანაშია დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.