ვინ არის სანქცირებული „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ სამთავრობო „იმედს“ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები ჰყავს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი წევრების რეგისტრაციის მოთხოვნით არხის გენერალურმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ 13 მარტს მიმართა.

საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ახალმა შემადგენლობამ „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე აირჩია, მის მოადგილედ – ნათია სონღულაშვილი.

„იმედის“ სამეურვეო საბჭოში ახლა 7 წევრია:

ირაკლი ჩიხლაძე – „იმედის კვირის„ წამყვანი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

ნათია სონღულაშვილი – „იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და „იმედის“ მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი;

მაგდალინა ანიკაშვილი – „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერის“ წამყვანი;

მარიამ (მაკა) ლომიძე – ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. ის „იმედის” მფლობელი კომპანიის – „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” დირექტორიცაა და მის 10%-საც ფლობს;

ვასილ კალანდარიშვილი – „იმედის“ ფინანსური დირექტორი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი;

მაია ჩიგოშვილი – „იმედის” პროგრამების ხელმძღვანელი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი;

ილია მიქელაიშვილი – „იმედის” 50%-იანი წილის მფლობელი.

დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირების მომდევნო დღეს, 25 თებერვალს, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 4-მა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებებით მიმართა, მათ შორის იყო ყოფილი მფლობელი, ირაკლი რუხაძე.

განმცხადებლებმა მოთხოვნის დაკმაყოფილება დაჩქარებული წესით მოითხოვეს.

25 თებერვლიდან საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი, მაკა ლომიძე დარჩა.

ირაკლი რუხაძემ „იმედის“ გაყიდვის შესახებ განცხადება 6 თებერვალს გაავრცელა.

„იმედის“ 50%-იანი წილის მფლობელი გახდა „პრაიმ მედია გლობალი“, ხოლო 50%- „იმედის“ დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში გადავიდა. რუხაძემ „იმედი“ „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად გაყიდა.

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში და სწორედ ეს გახდა სანქციების დაწესების მიზეზი.

სანქციები აქტივების გაყინვას, სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვას მოიცავს.

სანქციების დოკუმენტში ორივე სამთავრობო ტელევიზიის შემთხვევაში ნათქვამია:

„ის თავის აუდიტორიას, რომელიც უმეტესად საქართველოშია, აწვდის და აწვდიდა განზრახ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმური არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ“.