ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და მასზე თავდასხმის ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.
„9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულების შემდეგ, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელიც გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, თავს დაესხა ამავე გადაცემის მეორე მონაწილეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, და სახის არეში დაზიანება მიაყენა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. გადაცემაში სტუმრები მცირე ჰესების დაგეგმილი მშენებლობების გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე შესაძლო გავლენაზე და ჰესების მიმართ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მსჯელობდნენ….
გელა მთივლიშვილი, მაღალკვალიფიციური საგამოძიებო სიუჟეტების გამო, რითაც ის ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს, არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნებისა თუ რიგითი ჩინოვნიკების და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირების მხრიდან თავდასხმისა და აგრესიის სამიზნე.
„ქართული ოცნების“ მაღალი ეშელონებიდან წახალისებული ძალადობა ჟურნალისტებზე, არაეფექტური გამოძიება და პოლიტიკურ ინტერესს დაქვემდებარებული მართლმსაჯულება აჩენს დაუსჯელობის განცდას. ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამო საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული და ეს საქართველოს იმ არადემოკრატიულ ქვეყნებთან და რეჟიმებთან აახლოვებს, რომელთა მიმართაც საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები მრავალი წელია აქვს“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, შემთხვევა „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულებისთავანე მოხდა. გადაცემაში ჰესებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო სტუმრად გიორგი მარგებაძე.
„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს“, – დაწერა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში.
„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.