ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს – პარალელურად სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება.

„ბათუმელების“ ცნობით, აღნიშნული საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი იმ მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და არ არსებობდა დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები.

თუმცა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს.

სწორედ აღნიშნული დაკავების კანონიერებას შეისწავლის დღეს, 11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საია ევროპულ სასამართლოში 3 საქმეს აწარმოებს, ხოლო გასაგზავნად ამზადებს მე-4 საჩივარს სისხლის სამართლის საქმის თაობაზე.

„გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი”, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეს” – სასამართლო პრცესის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ.