ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორუფციის ფაქტები და დაკავებულია 3 პირი, მათ შორის მერის წარმომადგენლები ზანავისა და სამების ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საგამოძიებოს სამსახურის ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით – ერთი მოქალაქე.
„გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.
საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.