თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

პუბლიკა

6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

ბაქოში ხელი მოეწერა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს.

პრესრელიზის მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს:

  • საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას;
  • აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.  მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.