ხაბეიშვილს 2.5 წელი მიესაჯა | ქრთამის დაპირების მუხლი გადაკვალიფიცირდა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს 2.5 წელი მიესაჯა, – განაჩენი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.

მოსამართლემ ხაბეიშვილისთვის ბრალად წარდგენილი ერთ-ერთი მუხლი – „ქრთამის დაპირება” გადააკვალიფიცირა „საბოტაჟის” მუხლზე. მას ამ ნაწილში 2 წელი მიუსაჯა.

კერძოდ, მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას.

მოსამართლემ ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადააკვლიფიცირა, რაც ითვალისწინებს – საბოტაჟს – „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა”.

რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მეორე მუხლს – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას – მას 2.5 წელი მიუსაჯა.

საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად მას 2.5 წელი განესაზღვრა.


პროკურატურა მას უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდა.

ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს; რომ „ქართული ოცნება” სატელევიზიო ეთერში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გამო სჯის. ის პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებაზეც საუბრობდა.

„საჯარო, პოლიტიკურ განცხადებას რომ განვიხილავთ აქ, ეგ არის დიდი უბედურება. რომ მედავებოდეთ თქვენ, რომ ჩუმად რამე გააკეთე თუ არა, მაშინ ვიტყოდი „კის“ ან „არას“ და უნდა გვედავა – კი თუ არა. არ მედავებიან, ჩუმად რამე გააკეთეო და ტელევიზიაში რა ვილაპარაკე, თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის, საჯაროდ, კი არ დამიმალავს – პოლიტიკურ განცხადებას რომ ვაკეთებდი, ფარულად კი არ ვაკეთებდი…”, – თქვა მან ერთ-ერთ პროცესზე.

ბრალდების პოზიციით:

„2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.

ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მას მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს.

[…] ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს”, – აცხადებდა ბრალდების მხარე.

ამავე საქმეზე ბრალდებული იყო მურთაზ ზოდელავაც. ბრალდების მხარე მას გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებოდა. მას მოსამართლემ ამ საქმეზე 9 თვე მიუსაჯა.

„მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება”, – აცხადებდა პროკურატურა.