ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მოწმედ გდდ-ს მეორე სამმართველოს უფროსი შოთა პაპუაშვილი დაიკითხა

პუბლიკა

ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ე.წ ქრთამის დაპირების საქმეზე, დღეს პროკურატურის მოწმე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი, შოთა პაპუაშვილი დაიკითხა. 

პაპუაშვილს დღეს შეკითხვები დაუსვეს ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში გასულ იმ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომლებშიც, მისი მტკიცებით, ხაბეიშვილი ფულის სანაცვლოდ მათ გადმობირებას ცდილობდა, ეს მან და მისმა თანამშრომლებმა მიუღებლად მიიჩნიეს და სუს-ს ჩვენება მისცა.

„დაახლოებით შვიდი-რვა ვიდეო…2025 წლის [სექტემბერში] სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ტელევიზიო არხზე გაჟღერდა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდა პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა, რომ არ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობები. უარი ეთქვათ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, ასევე უარი ეთქვათ წვრთნებზე და ვარჯიშებზე. ასევე გამოეტანათ საიდუმლო ინფორმაცია ჩვენს თანამშრომლებს სამსახურიდან. სანაცვლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შესთავაზა 200 000 დოლარი. მიზეზი, ჩემი აზრით, იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თამანშრომლების გადმობირება, შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოყენებული იქნებოდა მათ სასარგებლოდ” – თქვა მოწმე პაპუაშვილმა სხდომაზე.

გდდ-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ამ პასუხს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა:

„სახე გამაძრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ! შენ, შენ და შენმა კოლეგებმა სახე გამაძრეთ, გესმის?! ფიცის დროს როგორ შეიძლება ტყუილი?! რადგან თქვი, რომ ხაბეიშვილმა შემოგთავაზა [ფული], ისიც გეთქვა, საიდან – მომავალი ბიუჯეტიდან გპირდებოდით და არა ჯიბიდან მოგცემთ-თქო. ჩემ წინაშე დგას სავარაუდო დამნაშავე. პრემიერ-მინისტრმა თქვა, ხაბეიშვილი აწამეს და არ გამოგვიძიებიაო. 

ეს სამმართველოს უფროსია და „ხარება” ამის უფროსი იყო პირადად. პარლამენტში მაქვს ნათქვამი, პირადად ტელეფონით მიღებდა-მეთქი. ვთქვი პარლამენტის შენობაში მეორე დღესვე, მასთან ერთად იდგნენ თანამდებობის პირები. ამბობ, ღმერთმა დამიფაროსო, არ გრცხვენია? ღმერთმა არ უნდა დაგიფაროს, რასაც ახლა აკეთებ?! რასაც ახლა აქ აკეთებ ღმერთმა არ უნდა დაგიფაროს?! შეხედე ჩემს შვილებს თვალებში, შეხედე ჩემს შვილებს თვალებში!”

ლევან ხაბეიშვილმა მოწმე პოლიციელს ასევე ჰკითხა, პირადად თუ მიიღო მან მისგან ქრთამის შეთავაზება, რაზეც შოთა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი შეთავაზება ხაბეიშვილისგან არ მიუღია.

ლევან ხაბეიშვილი:  რომ გილაპარაკიათ რა ცუდიაო [ვიდეომიმართვით ჯილდოს შეთავაზება], თქვენთან ვინმეს ხომ არ უთქვამს, რომ მოვიდა და პირადად შემომთავაზაო? 

შოთა პაპუაშვილი: არავის არ უსაუბრია მაგ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლევან ხაბეიშვილი დაუკავშირდა რომელიმე თანამშრომელს და შესთავაზა ქრთამი.

სხდომაზე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა პროკურატურის მოწმეს ჰკითხა, თუ საიდან გადასცემდნენ მას ზემოთხსენებულ თანხას და როდის.

ლევან ხაბეიშვილი: მაინტერესებს, რა მოისმინეთ, საიდან გაძლევდით ამ ჯილდოს და როდის მიიღებდით?

მოწმე: ნებისმიერი თანხის შეთავაზება არის უკანონო.

ადვოკატი: ხელფასი და პრემიაც იგულისხმება?

მოწმე: მე იმას მოვუსმინე, რომ იმ თანხის სანაცვლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა არ შეასრულონ მასზე დაკისრებული მოვალეობაო.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე: როდის მოხდებოდა ამ თანხის მიცემა და საიდან? ეს აინტერსებს ან გახსოვთ ან არა.

მოწმე: უამრავი ვიდეოებია, კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც თქვენ გულისხმობთ და იძახით, მე იქ არ მომისმენია.

„სასამართლომ გაიგო, ვიდეოებს უყურა, მოვუსმინეო, ანალიზი გააკეთა კაცმა, მერე თავის თანამშრომლებთან ისაუბრა თურმე ამაზე და ის აღარ გაუგია, ფული საიდან მოდიოდა. ეს აღარ მოუსმენია. არც ის მოუსმენია, არ აწამოთ ხალხი, არ სცემოთ მეთქი, ვინც თქვენს მოვალეობას კანონის შესაბამისად შეასრულებთ მეთქი, ესენი არ მოუსმენია“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც მოწმე შოთა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, ის წლებია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენთში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს.

ხაბეიშვილი:  თქვენ 2010 წლიდან მუშაობთ. შეტყვეთ ასეთი „მძიმე დანაშაული“ თურმე. როგორც ამხელა გამოცდილების, სტაჟის მქონე ადამიანმა, ეს ხაბეიშვილი თანხას რომ გთავაზობდათ, რატომ არ მიმართეთ გამოძიებას? თქვენ თქვით, რომ სუს-მა როცა დაგირეკათ მერე მიხვედით. თქვენ რატომ არ მიმართეთ?

მოწმე: ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო.

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი:  სამმართველოს უფროსი ადამიანი ხართ, ზეპირად უნდა იცოდეთ კანონი. მით უმეტეს, როცა ხდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მაგალითად, ქრთამს რომ გთავაზობენ. რატომ დაელოდეთ სუს-დან დარეკვას, როცა თანამდებობის პირს ვალდებულება გაქვთ, რომ დანაშაულის შესახებ შეატყობინოთ. ეს არის დანაშაულის შეუტყობინებლობა.

შოთა პაპუაშვილს ჰკითხეს, როგორ მოხდა მისი დაბარება სუსში, რაზეც უპასუხა, რომ „სუს-სა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შორის წერილის მიმოწერის საფუძველზე”. მას დაუკავშირდა სუსის ერთ-ერთი გამომძიებელი და აცნობა, რომ სუსში იყო დაბარებული. ამის შემდეგ საქმის კურსში ჩააყენა ხელმძღვანელი.

თუ რა ნიშნით შეარჩიეს მაინცდამაინც ის გდდ-ს ათასობით თანამშრომელს შორის, შოთა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „არ იცის“.

„გამოყოფა როგორ მოხდა ხომ? სუს-სა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შორის წერილის საფუძველზე, გამოყავითო ერთ-ერთი თანამდებობის პირი, მეორე შეიძლება საშუალო თანამდებობის პირი… შეიძლება ნებისმიერი ყოფილიყო, მე არ ვიცი… რა კრიტერიუმით შეირჩა ეს სამი პიროვნება. შეიძლება ყოფილიყო ჩემ ადგილას სხვა. მე დამირეკეს სუს-დან“, – თქვა შოთა პაპუაშვილმა.

პროკურატურის მოწმეს ასევე უთხრეს, დაესახელებინა ის გამომძიებელი, ვინც ის გამოკითხვაზე სუსში დაიბარა და რომლის სახელი და გვარიც ოქმის ბოლოს მისი ხელმოწერის გვერდით იყო მითითებული. პაპუაშვილმა თქვა, ვინაობა ვერ გაიხსენა. 

შოთა პაპუაშვილი 2010 წლიდან გდდ-ში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, 2025 წლის ზაფხულიდან ერთ-ერთი სამმართველოს [მართწესრიგისა და მასობრივი მოგერიების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში] უფროსია.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას” შესასვლელში დააკავეს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სუსის თქმით, „ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიებით ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას, თუ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“.