ახალაია: საქართველოს ისტორიაში არავინაა გასამართლებული სიტყვისთვის, რომელიც თავისსავე სასამართლოზე წარმოთქვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

საუბარია ახალაიას მიერ 16 თებერვლის სასამართლო პროცესზე ნათქვამი ფრაზის – „ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი” – გამო დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ბრალი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით წარუდგინა.

ახალაია ბრალს არ აღიარებს. მან დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლა:

„როგორც მახსოვს, არავინ არ არის საქართველოს ისტორიაში გასამართლებული იმ სიტყვისთვის, რომელიც მან წარმოთქვა თავისსავე სასამართლო პროცესზე. ბევრი ვქექე და ვერ ვნახე.

აბსურდულობა მთელი ამ პროცესის მდგომარეობს იმაში, რომ პროკურორს მოჰყავს მოწმეები. არადა, მე ვიმეორებ ამ სიტყვებს – ივანიშვილის  ხელისუფლება არის დასამხობი. ეს არის ერთადერთი ყველაზე შესაძლებელი და ყველაზე სამართლიანი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას მომავალში…  სხვა გამოსავალი ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. არა მხოლოდ დასამხობია, არამედ დასამხობია ნებისმიერი ფორმით და ასეც იქნება.

მას შემდეგ გასასამართლებელია ივანიშვილიდან დაწყებული მთელი სახელმწიფო აპარატი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფო აპარატი, გარდა იმისა, რომ საქართველოს თავისუფლებას რეალურად ხელყოფს, ის ღირსებას არღვევს თითოეული მოქალაქის…

როდესაც ვსაუბრობ დამხობაზე და სხვები ამას არ ამბობენ, ნუ, გასაგები ვითარებაა, ვცხოვრობთ დიქტატურაში და ნებისმიერი ფრაზა, რომელიც წითელ ხაზს გადაკვეთს ხელისუფლების წინააღმდეგ არის დასჯადი.

ჩვენ ვცხოვრობთ ჩვეულებრივ დიქტატორულ ილუზიაში, რომელიც ხდება ყველგან, სადაც კი დიქტატურა არსებობს. ისეთ ილუზიაში, თითქოს გვყავს, მე ყველას პატივს ვცემ, არავის დაკნინებას არ ვცდილობ, ღმერთმა დამიფაროს, თითქოს გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია. ნონსენსია.

როგორ შეიძლება გვყავდეს ოკუპანტი დიქტატორი და ამავდროულად გვყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ის მას არჩევნებში შეცვლის. აი, ოქსიმორონის ყველაზე კარგი მაგალითია ცხელი თოვლი. ზუსტად ეგ არის ოპოზიცია და ივანიშვილი.

უბრალოდ არის აქ კეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ ეშვება ამ თავის იდეას, რომ რაღაცა შეიძლება სადმე არჩევნების გზით მიიღწეს. გამორიცხულია…

ვიმეორებ იმას, რაშიც ბრალს მდებენ. ხელისუფლება, დიახ, არ შევამსუბუქებ მხოლოდ ივანიშვილს, ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს, ივანიშვილის, კობახიძის – ყველა უნდა დაემხოს. ეს არის ერთადერთი გზა.

ადამიანებს აშინებთ ხოლმე ეს ფრაზეოლოგია, მაგრამ სინამდვილეში ამაში არაფერი საშიში არ არის. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, როცა დიქტატურა ასე აწვება საზოგადოებას, საზოგადოების ერთადერთი რეაქცია არის, საბოლოო ჯამში, როცა იქნება, როგორც იქნება, ამ რეჟიმის დამხობა.

და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დამხობაში უნდა მიიღოს მთელმა საქართველომ მონაწილეობა, ასე არც არასდროს მომხდარა. არცერთი დიქტატურა, სინამდვილეში არცერთი ტირანია არ დაუმხია მთელ ერს.

მინდა გითხრათ, რომ თვითონ მთელი ერი, როგორც ასეთი, არც მონაწილეობს ხოლმე არცერთ პოლიტიკურ პროცესში.

შეგახსენებთ მერაბ კოსტავას შეფასებას, 3-დან 5000 კაცამდე მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აქციებში, მაქსიმუმ, საბჭოთა კავშირში. იმასაც შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირში პირველი არჩევნები გამსახურდიას ჩატარებული  53%-იანი იყო, მეტი კი არა.

ილუზიაა, რომ მთელი საქართველო ვიდექითო, არ იყო ასე. ამიტომ ბუნებრივია, რომ რეჟიმს ჰყავს მხარდამჭერებიც. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც ვინმე, რამე სახით მოსყიდული, დაშინებული, ინდიფერენტული, არა აქვს მნიშვნელობა, რაღაცა საზოგადოების ნაწილი მას მხარს უჭერს…

ჩვენ უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას, ხელისუფლების დამხობას. შემდგომ, ყველა უნდა გავასამართლოთ აი ამ სასამართლო დარბაზებში.

რატომ ვამბობ ამას? ხშირად ვუსმენ პოლიტიკურ აქტორებს, მით უმეტეს ციხეში ვარ და სულ ამბობენ, რომ აი, სასამართლო უნდა იყოს ისეთი, მერე ამათ რომ გავასამართლებთ, ჩვენი წესიერი სასამართლო და რაღაც მაღალფარდოვან სიტყვებს. ტყუილია!

არანაირი სასამართლოს რეფორმა არ მოხდება, როცა ამათ დავამხობთ. ესენი უნდა გასამართლდნენ იმ სასამართლოთი, რომელიც იარსებებს. ჩვენ ვერ დაველოდებით სწრაფ მართლმსაჯულებას. ვერ დაველოდებით იმას, რომ ივანიშვილის გასასამართლებლად ახალი სასამართლოები, მოსამართლეები გავზარდოთ. ვერ დაველოდებით.

თქვენ მოგიწევთ დიდი ალბათობით ამ ქოცების გასამართლება, აი, ამ მოქმედი მოსამართლეების გასამართლება.

მოგიწევთ პროკურორების გასამართლება. აი, როგორც გითხარით, ყველა ის ადამიანი, ყველა თქვენი კოლეგა, ქალბატონო, მე არ ვიცი თქვენ კონკრეტულად რომელ საქმეებში მიგიღიათ მონაწილეობა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ტყუილად იმშვიდებენ თავს.

კანონში წერია რაღაც ფორმალური მუხლი და ამიტომ, რომელიმე ადამიანს სამი დღით გამოკეტავთ ციხეში და მერე რა.

ჯერ ერთი, კანონში ეს ფორმალური მუხლი არის არასამართლიანი და ადამიანის ღირსების შემლახველი. მერე, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფისთვის, მნიშვნელობა არა აქვს ერთი საათით დააპატიმრებთ უდანაშაულო, კეთილსინდისიერ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმს უნდა, თუ დააპატიმრებთ 20 წლით…

ადამიანებს მარტო ციხის კი არ ეშინიათ, ეშინიათ შეურაცხყოფის, რომელსაც მიიღებენ რეჟიმის მხრიდან და რომლის ატანაც მოუწევს მთელ ოჯახს, ბავშვების ჩათვლით…

არცერთ ქართველს არ აქვს მორალური უფლება გაასამართლოს მეორე ქართველი იმიტომ, რომ მას უნდა საოკუპაციო რეჟიმის დამხობა. მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და რიგ შემთხვევაში შეუძლებლად წარმოსადგენსაც კი, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მან აგოს უმკაცრესად პასუხი, მისმა სასამართლო სისტემამაც, გამომძიებლებმაც, პროკურორებმაც…

თქვენ მე ციხეში მიჭერთ, ქალბატონო [მოსამართლე ლელა კალიჩენკო], თქვენ წაღებული გაქვთ ჩემი 9 წელი. ეს რომ დაიბადა [შვილი], იყო 6 თვის, რომ გამოვედი — 10 წლის. ახლა ისევ 9-ს პლუს 3 გინდათ ციხეში ჩამსვათ?.. მე აქ მასამართლებენ სიტყვებისთვის!“, – თქვა ახალაიამ.

ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. ის ბრალდებულია კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე – პროკურატურა ახალაიას 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, „ბაჩო ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს“.

საქმე ახლა არსებითი განხილვის ეტაპზეა და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.