„სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს არა კვლევა, არამედ ფაქტები“ — კანდელაკი კობახიძეს პასუხობს

პუბლიკა

რამდენიმე დღეა, „ქართული ოცნება“ აქტიურად ესხმის თავს ოპოზიცონერ პოლიტიკოსს და მკვლევარ გიორგი კანდელაკს.

მიზეზი მის მიერ „ჰადსონის ინსტიტუტის“ ფარგლებში ლუკ კოფისტან ერთად მომზადებული კვლევაა, რომელიც საქართველოში მზარდ ირანულ გავლენებს ეხება.

2026 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში, სახელად „საქართველოს ირანული შეტრიალება – თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერი მოკავშირე ქვეყანაში“, საუბარია, რომ ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია ქვეყანაზე. მედიის ცნობით, კვლევაში ნათქვამია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.

ამასთან ერთად, საქართველოში, კერძოდ თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში, ღიად მოქმედებენ ირანული რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული „ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომლებიც „ხელს უწყობენ თეირანთან დაკავშირებულ რელიგიურ დოქტრინებს, ქმნიან ლოიალურ სასულიერო ქსელებს და რელიგიური განათლების საფარქვეშ იდეოლოგიურ მომზადებას უზრუნველყოფენ“.

მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კვლევის შესახებ გამოძიება დაიწყო. ამ გამოძიების ფარგლებში 8 მარტს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი. გამოიკითხა გუბაზ სანიკიძეც.

კანდელაკზე „ოცნების“ თავდასხმები 2 თვის შემდეგ განახლდა.

საბაბი 21 მაისს ვაშინგტონში ჰადსონის ინსტიტუტში გამართული დისკუსია გახდა, სადაც იმსჯელეს საქართველოში ირანის გავლენის ზრდასა და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში.

დისკუსიის შემდეგ კვლევის თემაზე სტატიები გამოაქვეყნეს Washington Post-მა და The Washington Free Beacon-მა

25 მაისს ირაკლი კობახიძემ გიორგი კანდელაკს „თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე უწოდა“.

„გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს“, – თქვა კობახიძემ.

28 მაისს მანვე თქვა, რომ „პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ“.

27 მაისს „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, ჯონ ვოლტერსმა X-ზე ირაკლი კობახიძეს მიმართა:

„ბატონო ირაკლი კობახიძე, ამ ანგარიშის გამომცემელია „ჰადსონის ინსტიტუტი“. როგორც ჰადსონის პრეზიდენტი, მე მხარს ვუჭერ კვლევასა და დასკვნებს. ფაქტები არ იცვლება ტრაბახითა და მუქარით. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ – თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ დამნგრევი“, – დაწერა მან.

ამასთან, დღეს, 29 მაისს კობახიძეს უპასუხა გიორგი კანდელაკმა.

მან თქვა, რომ „სამართლებრივ რეაგირებას“ საჭიროებს არა ეს რეპორტი, რომელიც საჯაროდ ცნობილი ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საკუთრივ პრობლემა, რომელიც ხელის გულზეა“.

კანდელაკმა ჩამოთვალა ფაქტები, რომელიც მის კვლევაშია თავმოყრილი და უკავშირდება ირანულ გავლენებს:

„ირანის რეჟიმის გავლენა ჩვენს ქვეყანაში ასე გაჯეჯილებული რომაა ნამდვილად რთულად დასაჯერებელია, თან ამხელა რეპორტის კითხვაც ყველას ეზარება. „არც ერთი ფაქტი არ არის” ნარატივს პროპაგანდამ, ალბათ, ამიტომაც ჩააჭირა.

აქ, უბრალოდ, რამდენიმე ფაქტი ამოვკრიბე რამდენიმე კი მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. ყველაფერი რაც ანგარიშშია საჯაროდ ცნობილი ინფორმაციაა. ბევრი სხვა ფაქტის ნახვა საკუთრივ რეპორტში შეიძლება რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის საიტზე დევს და რომლის წაკითხვაც ყველას შეუძლია.

ფაქტი 1. საქართველოში ფუნქციონირებს ირანის მთავრობის მიერ დაფინანსებული ალ მუსტაფას უნივერსიტეტი სამი ფილიალით, გარდაბანში, მარნეულში და თბილისში (ფონიჭალაში) მაშინ როცა რერჟიმი ხურავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ფაქტი 2. ალ მუსტაფას უნივერსიტეტი სანქცირებულია ამერიკის მთავრობს მიერ 2020 წლის შემდეგ ირანის უშიშროების მიერ მისი სტუდენტების ინდოქტრინაციის და რეკრუტირების გამოყენებისთვის აშშ აღმასრულებელი ბრძანებით 13244 (გვ. 17) ამერიკის ხაზინის თანახმად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალები უნივერსიტეტს იყენებს უცხოეთის უნივერსიტეტებთან სტუდენტთა გაცვლებისთვის უცხოელი სტუდენტების ინდოქტრინაციის და რეკრუტირების მიზნით.“ (იქვე)

ფაქტი 3. ამ უნივერსიტეტის ერთმა „აკადემიური“ თაბამდებობის პირმა, მოშენ რაბანიმ, ებრაული სათემო ცენტრი ააფეთქა არგენტინაში. მეორე, სეიდ მოჯთაბა ჰოსეინი ნეჯადი, მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობას აორგანიზებდა (FDD, 2 დეკემბერი, 2025).

ფაქტი 4. ამ უნივერსიტეტში არც თუ ცოტა, ძირითადად, ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქე სწავლობს. უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა კონფერენციებსაც ატარებს რომელსაც 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და უნივერსიტეტის ცენტრალური მმართველი საბჭოს წევრი, ზემოთხსენებული მოშენ რაბანის კოლეგა და მოგვარე სეიდ ჰასან რაბანი დაესწრო (გვ. 19) თუ სხვაგან იყენებენ ამ უნივერსიტეტს ირანის სპეცსამსახურები რეკრუტირებისთვის – საქართველოში არ იყენებენ? ის რომ ალ მუსტაფას არ აქვს ავტორიზაცია და აკრედიაცია მართალია, თუმცა მერე რა?! ის ხომ არსებობს და ფუნქციონირებს.

ფაქტი 5. საქართველოში ფუნქციონირებენ ირანული ვითომ არასამთავრობო, სინამდვილეში კი სამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები რომელთაც აშშ. და სხვა დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ ირანის უშიშროების სამსახურის საფარად (გვ 23). ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა აჰლ ალ ბეითის მფსოფლიო ასამბვლეა (იგივე აჰლიბეითი), რომელიც საქართველოში ადრეც არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მოძლიერდა. ეს ორგანიზაცია პირდაპირაა დაკავშირებული ხეზბოლასთან. ხეზბოლას აწ გარდაცვლილი ლიდერი ჰასან ნასრალა პირდაპირ აჰლიბეითის ბორდის წევრი იყო. თუ ამერიკის მთავრობა გადაწყვეტს რომელიმე არასამთავრობოს გრანტი მისცეს, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ექვს წელ ციხეს ითვალისწინებს, ეს ირანული ორგანიზაციები კი უპრობლემოდ მუშაობენ.

ფაქტი 6. საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით ჩამოსული იყო აჰლი ბეითის პრეზიდენტი აიათოლა ალი რამეზანი. მანამდე, ის 9 წელი ხელმძღვანელობდადა ჰამბურგის ისლამური ცენტრს რომელიც 2023 წელს გერმანიის შსს-მ რეიდით დახურა. გერმანიის მაშინდელი შსს მინისტრის ნენსი ფაესერის თქმით, ეს ცენტრი ახდენდა „ისლამისტურ-ექსტრემისტული ტოტალიტარული იდეოლოგიის პოპულარიზაციას გერმანიაში. ეს ისლამისტური იდეოლოგია ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებას“ (გვ. 25). მისივე თქმით, ცენტრი „პირდაპირ იყო დაკავშირებული ხეზბოლასთან და ახდენდა აგრესიული ანტისემიტიზმის გავრცელებას“ (იქვე). აი ამ ცენტრის შემქმნელი საქართველოში იყო ჩამოსული ხუთდღიანი ვიზიტით, ჩაატარა არაერთი საჯარო შეხვედრა, ჩაიბარა ირანთან დაკავშირებული ორგანიზაციების ანგარიშები და გასცა ინსტრუქციები. ყველაფერი საჯაროდ. მან საჯაროდ განაცხადა რომ საქართველო უნდა იქცეს აჰლიბეითის რეგიონულ ბაზად და ასევე აღნიშნა რომ შემუშავებულ უნდა იქნას 10 წლიანი სტრატეგია.

ფაქტი 7. ამ ორგანიზაციასთან პირდაპირაა დაკავშირებული თბილისის აჰლიბეითის მეჩეთი ფონიჭალაში სადაც რეგულარულად იმართება პოლიტიკური შინაარსის პროირანული ღონისძიებები. ერთი მაგალითი – სწორედ ამ მეჩეთში წელს, 21 მარტს, ჩატარდა აიათოლა ხამენეისადმი მიძღვნილი ღონისძიება რომელსაც ბავშვები ესწრებოდნენ, რომელთაც ახუნდი რახიდ ქერიმოვი „ისლამის მტრების წინაშე ვალდებულებებზე ესაუბრა“ (ტაბულა, 21 მარტი, 2026)

ფაქტი 8. აჰლი ბეითის გარდა კიდევ მრავალი ორგანიზაცია ფუნქციონირებს მაგალითად იმამ ალის ფონდი, ალულ ბეითი და აშ. ისინი რეგულარულად ატარებენ მსგავსი სახის ღონისძიებებს, მაგალითად ჰასან ნასრალასადმი მიძღვნილ კონფერენციებს (გვ 30-31).

ფაქტი 9. საქართველოს მოქალაქე რომელიც სწავლობდა ამ ქსელში შემავალ ერთ-ერთ დაწესებულებაში და შემდეგ ორი წელი ირანში დააკავეს საბერძნეთში აშშ საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობისთვის (რადიო თავისუფლება, 11 მარტი).

ფაქტი 10. ყველა ეს და მსგავსი ორგანიზაცია აკრძალულია აზერბაიჯანში.

ჩვენს რეპორტში ბევრად მეტი ფაქტია მოყვანილი, ვისაც აინტერესებს, მათ შორის ჟურნალისტებს, შეუძლია გაეცნოს – რეპორტი მარტის შემდეგ დევს ჰადსონის ინსტიტუტის საიტზე. „სამართლებრივ რეაგირებას“ საჭიროებს არა ეს რეპორტი, რომელიც საჯაროდ ცნობილი ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საკუთრივ პრობლემა, რომელიც ხელის გულზეა“, – წერს გიორგი კანდელაკი.