განახლება: შსს-ს ცნობით, გიორგი მალანია მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს. ინფორმაცია TV პირველს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძამ, კოტე მალანიამ დაუდასტურა. გიორგი მალანიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ტვ იმედიც.“
„დამირეკა ჩემმა ძმამ გულგახეთქილმა, რომ დაიჭირეს ჩვენი ძმის შვილიშვილიო. არ მეგონა, თუ ამ დონემდე მივიდოდა საქმე. ჩემმა ძმამ დამირეკა, რომ დედამისის სოფელში, ლანჩუთში დააკავესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ბავშვი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ერთადერთი ზარის გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო, რაც მის წინააღმდეგ რაც ბრალეულობას დაადასტურებს“,- ამბობს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძა TV პირველთან საუბრისას.
შსს-ს ცნობით, გიორგი მალანია მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს უწყება.
დღეს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული.
„ბოლო დღეებში ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ამ წუთებში, ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში“, – თქვა მდინარაძემ.
შსს-ში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქმეზე 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია პროკურატურას არ გაუვრცელებია.
მიმდინარე წლის 16 მარტს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა. პროკურორის თქმით, ჩატარდა ჩხრეკა მალანიას საცხოვრებელ სახლში, ამოიღეს მისი მობილური და დანიშნეს საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.