ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გლობალური კარიბჭის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში 200 მილიონ ევრომდე ინვესტიცია განოხრციელდება სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში.
მისივე თქმით, ამ პროგრამას დამატებით 2 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვის პოტენციალი აქვს. დამატებით 20 მილიონი ევრო გამოიყოფა მშვიდობის ხელშეწყობის პროგრამისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის.
ფონ დერ ლაიენის თქმით, პროექტი შეიძლება მოიცავდეს სარკინიგზო კავშირს ნახიჩევანში, ასევე ბაქოს პორტის განვითარებას.
„სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ევროკავშირი-აზერბაიჯანის დაკავშირებადობის პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა, ასევე ალიევთან საერთო პრესკონფერენციაზე დაანონსდა რეგიონული დაკავშირებადობის საინვესტიციო მინისტერიალი, რომელიც ბაქოში 2026 წლის ბოლომდე გაიმართება.