გარემოს სააგენტო თელავზე: ღვარცოფულმა ნაკადმა გვერდი აუარა ღვარცოფდამჭერ ნაგებობებს

პუბლიკა

თელავში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განცხადება წუხელ, 12 ივლისს გაავრცელა.

უწყების ცნობით, პირველადი შეფასებით, თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.

როგორც სააგენტო წერს, დიდმა ნაკადმა გვერდი აუარა ღვარცოფდამჭერ ნაგებობებს და დროებით კალაპოტად ძველი გრუნტის გზა გამოიყენა, დააზიანა დაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია.

„2 ივლისს, გამთენიისას, ქ. თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.

თელავში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი.

პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.

მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერი) ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია: პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია.

ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა“, – წერია განცხადებაში.