სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის პირველ ხუთ თვეში 20.5%-ით შემცირდა

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.5%-ით შემცირდა. ამას სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს. შემცირება ემთხვევა რუსეთის მიერ სომხური იმპორტისთვის დაწესებულ მიმდინარე შეზღუდვებს და, სავარაუდოდ, რუსეთის ძვირფასი ლითონებისა და ქვების რეექსპორტის მნიშვნელოვან კლებას.

რუსეთი სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ თითქმის 2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი თითქმის 2.8 მილიარდ დოლარს აღწევდა. შესაბამისად, ვაჭრობა დაახლოებით 570 მილიონი დოლარით შემცირდა.

რუსეთის წილი სომხეთის მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაშიც შემცირდა – 35.1%-დან 28%-მდე.

ამავე დროს, სომხეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7.865 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის 7.870 მილიარდ დოლართან შედარებით მხოლოდ 0.1%-ით ნაკლებია.

რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა განაცხადა, რომ სომხეთთან ვაჭრობა 21.5%-ით შემცირდა. თუმცა, სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემების მიხედვით, კლება დაახლოებით 20.5%-ს შეადგენს.

ამავე მონაცემებით, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წილი სომხეთის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 2025 წლის იანვარ-მაისის 36.7%-დან მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 29.8%-მდე შემცირდა.

ეს მონაცემები ქვეყნდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეზღუდვები დააწესა როგორც სომხურ იმპორტზე რუსეთში, ისე – სომხური პროდუქციის ნაწილის შეტანაზე ევრაზიული კავშირის ქვეყნებში რუსეთის ტერიტორიის გავლით. ეს ზომები განსაკუთრებით გამკაცრდა სომხეთის ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ და როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ფართოდ შეფასდა, როგორც მოსკოვის მცდელობა, ეკონომიკური ზეწოლით გავლენა მოეხდინა ერევნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

ვაჭრობის სტატისტიკა 6 ივლისს გამოქვეყნდა – პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ივნისის არჩევნების შემდეგ. მოსკოვს ფაშინიანისა და მისი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებისთვის“ არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად დღემდე არ მიულოცავს. ამასთან, რამდენიმე რუსმა მაღალჩინოსანმა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა და დასავლეთის უპრეცედენტო ჩარევაზე ისაუბრა.

რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პირველი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ სავაჭრო ბრუნვის კლების მნიშვნელოვანი ნაწილი ძვირფასი ლითონებისა და ქვების რეექსპორტის მკვეთრ შემცირებას უკავშირდება.

პირველი ხუთი თვის საქონლის კატეგორიების დეტალური სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა, პირველი კვარტლის მონაცემებით, ძვირფასი ლითონებისა და ქვების იმპორტი 377 მილიონი დოლარიდან 136 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ამავე საქონლის რეექსპორტი სომხეთიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 346 მილიონი დოლარიდან 41 მილიონ დოლარამდე დაეცა.

Sputnik-ის შეფასებით, თუ ძვირფასი ლითონებისა და ქვების კატეგორიას არ გავითვალისწინებთ, რუსეთიდან იმპორტი მხოლოდ მცირედით – 12.5 მილიონი დოლარით შემცირდა პირველ კვარტალში. გამოცემა მიიჩნევს, რომ ორმხრივი ვაჭრობის საერთო კლების მთავარი მიზეზი სწორედ რეექსპორტის თითქმის სრული შეჩერებაა.

პირველ კვარტალში სომხეთის ექსპორტი რუსეთში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. თუმცა, ეს მონაცემები რუსეთის მიერ სომხურ ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს მოიცავს, ამიტომ რუსეთის შემზღუდავი ზომების სრული გავლენა სტატისტიკაში ჯერ არ ასახულა.

2025 წლის დასაწყისში, ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ ერევნის გადაწყვეტილებით უკმაყოფილების ფონზე, რუსმა ოფიციალურმა პირებმა სომხეთთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება ამ უკანასკნელის ევროკავშირთან დაახლოებას დააბრალეს. თუმცა, იმ პერიოდში ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ კლების მიზეზი სომხეთის მიერ რუსული ოქროს რეექსპორტის მკვეთრი შემცირება იყო.

2024 წელს გამოცემების, The Insider-ისა და Hetq-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ სომხური კომპანიები რუსეთს ოქროთი ვაჭრობაზე დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.