პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ორ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2026 წლის 22 აგვისტოს გ. გ.-მ, ბრალდებულ ვიქტორია კირილიუკს გადასცა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), რისი ნაწილიც, კირილიუკის ჩვენების თანახმად, 23 აგვისტოს მან და დაურ ბუავამ მოიხმარეს, ნაწილი კი დაურ ბუავას საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოიღეს.

პროკურატურა ასევე წერს, რომ გ. გ.-მ უკანონოდ შეიძინა და თავისივე საცხოვრებელ სახლში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6,27 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად დააფასოვა. უწყების განცხადებით, ეს ნივთიერებები სამართალდამცველებმა 29 აგვისტოს ამოიღეს.

რაც შეეხება ამ საქმეზე დაკავებულ მესამე პირს – ს.ბ-ს – პროკურატურის განცხადებით, მან ასევე უკანონოდ შეიძინა და სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ასევე 29 აგვისტოს ამოიღეს.

დაკავებულ გ. გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ს. ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა.

ვიქტორია კირილიუკს პროკურატურამ  ბრალი დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების მუხლით წარუდგინა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.


აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს.

პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. როგორც მეზობლები TV პირველთან კომენტარში ამბობენ, ბლოგერი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს, 28 აგვისტოს კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნებულა. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ დაურ ბუავას ბრალი წაუყენა.

ბუავა „ტიკტოკზე“ 2021 წლიდან აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებსა და აფხაზებზე, მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და სხვა.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური მაშინ აცხადებდა, რომ დაურ ბუავას მიერ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები „აზიანებს აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.