4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე ამავე საქმეზე ბრალდებულებს მიმართავს და მოუწოდებს, პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება მიიღონ, რათა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
„4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან. ამის შესახებ სასამართლოზეც განვაცხადე და ახლა პირადად მოგმართავთ ყველას“, – წერს ბურჭულაძე.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების მიღება არც დამამცირებელია და არც ღირსების შემლახველი.
„დღეს ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმრობიდან ადამიანების გათავისუფლება. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ამაში არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახველი არაფერია. მსგავსი პრაქტიკა არაერთხელ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების მიერ“, – აღნიშნავს ის.
ბურჭულაძე განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც, მისი თქმით, 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადაარჩინა.
„როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. მისი ჯანმრთელობა და გარეთ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერს ბურჭულაძე.
ამასთან, პაატა ბუჭრულაძე აცხადებს, რომ თავად, როგორც პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საკუთარი გათავისუფლების საკითხს არ განიხილავს, ვიდრე „4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს“.
„გამარჯვება გარდაუვალია. ბრძოლა ბოლომდე!“ – ნათქვამია პაატა ბურჭულაძის მიმართვაში.
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ჯამში ბრალდებული იყო 64 ადამიანი. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ნაწილ მათგანს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედებოდა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში.
64 ბრალდებულიდან თავი უდანაშაულოდ ცნო 30-მა მათგანმა და მოსამართლემ მათი განაჩენი არსებითი განხილვით გამოიტანა.
საპროცესო შეთანხმება კი გაუფორმდა 34-ს (ამ 34-დან 22 მსჯავრდებული, საპროცესო შეთანხმების თანახმად, უკვე გათავისუფლებულია, 12 მათგანი კი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს).
საქმეზე 3 მსჯავრდებული მიმალვაშია. ესენი არიან: ირაკლი შაიშმელაშვილი, ანტონ უპერი, ია დარახველიძე.
ციხეში ამ დროისთვის სასჯელს იხდის 38 მათგანი (ამ 38-ში შედის 12 მათგანიც, ვისაც საპროცესო რეალური სასჯელით გაუფორმდა).