ვინ მუშაობს ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოში

ვინ მუშაობს ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოში – საქმის მასალებზე დაყრდნობით „პუბლიკამ“ ახლად შექმნილი უწყების თანამშრომლები გამოავლინა.

სანდრო კეპაშვილი, ელენა თოდუა, ოთარ გვიმრაძე და თათია კაცაძე [უკვე ყოფილი თანამშრომელი] – სწორედ ამ ადამიანებმა შეადგინეს ის ოქმები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო მოქალაქეებს facebook-ზე დაწერილი პოსტებისა თუ კომენტარების გამო აჯარიმებს და პატიმრობაშიც უშვებს.

უწყებას, რომელსაც მოქალაქეებმა „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველო შეარქვეს, თამთა ქიმბარიშვილი ხელმძღვანელობს. ის საზოგადოებას აქამდე პროტესტთან დაკავშირებული არაერთი ადმინისტრაციული საქმის განხილვიდან ახსოვს.

სამმართველოში დასაქმებულთა ნაწილის ვინაობის გასარკვევად „პუბლიკამ“ მათ მიერვე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებს მოუყარა თავი – ამ გზით, ქიმბარიშვილის გარდა, სამმართველოში დასაქმებულ კიდევ 4 პირზე მივიღეთ ინფორმაცია.