ვინ მუშაობს ე.წ. „სქროლვა-სქრინვის" სამმართველოში

ვინ მუშაობს ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოში – საქმის მასალებზე დაყრდნობით „პუბლიკამ“ ახლადშექმნილი უწყების თანამშრომლები გამოავლინა.

სანდრო კეპაშვილი, ელენა თოდუა, ოთარ გვიმრაძე და თათია კაცაძე [უკვე ყოფილი თანამშრომელი] – სწორედ ამ ადამიანებმა შეადგინეს ის ოქმები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო მოქალაქეებს facebook-ზე დაწერილი პოსტებისა თუ კომენტარების გამო აჯარიმებს და პატიმრობაშიც უშვებს.

უწყებას, რომელსაც მოქალაქეებმა „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველო შეარქვეს, თამთა ქიმბარიშვილი ხელმძღვანელობს. ის საზოგადოებას აქამდე პროტესტთან დაკავშირებული არაერთი ადმინისტრაციული საქმის განხილვიდან ახსოვს.

ჯერ კიდევ ივნისში, „პუბლიკამ” საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით სცადა, გაერკვია სამმართველოში დასაქმებული პირების შესახებ. შსს-მ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის” კანონზე მიგვითითა.

სამმართველოში დასაქმებულთა ნაწილის ვინაობის გასარკვევად „პუბლიკამ“ მათ მიერვე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებს მოუყარა თავი – ამ გზით, ქიმბარიშვილის გარდა, სამმართველოში დასაქმებულ კიდევ 4 პირზე მივიღეთ ინფორმაცია. („პუბლიკა” განაგრძობს საქმეების მონიტორინგს, დამატებითი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, მას ცალკე გავაშუქებთ).

ქიმბარიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ეს თანამშრომლები სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიციას იკავებენ.

სანდრო კეპაშვილი – ის პოლიციის ლეიტენანტია. ირკვევა, რომ დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

მის Facebook-ანგარიშზე საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო [ბოლო ნახვა – 29.07.2026] სხვადასხვა შინაარსის პოსტი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „პოლიციელი გმირიას“ FB-გვერდიდან გაზიარებული პოსტები; ასევე, სხვადასხვა ფეიჯიდან გაზიარებული კომედიური ჟანრის ვიდეოები, ე.წ. მიმები თუ სხვა.

პოსტებს შორის ვნახეთ ისეთებიც, რის გამოც ახლა ის სხვებს უდგენს სამართალდარღვევის ოქმებს.

მასალაზე მუშაობის პერიოდში „პუბლიკა“ არაერთხელ დაუკავშირდა სანდრო კეპაშვილს – მან ჩვენი სატელეფონო ზარები და მოკლეტექსტური შეტყობინებები უპასუხოდ დატოვა, facebook-ზე კი, ჟურნალისტი, რომელმაც მას შეკითხვა მისწერა, სავარაუდოდ, დაბლოკა, ვინაიდან მისი facebook-ანგარიში ჟურნალისტისთვის აღარ იძებნება.

ელენა თოდუაის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია.

facebook-ზე ელენე უწერია, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში ის ელენაა.

ელენა თოდუასა და სანდრო კეპაშვილის facebook-მეგობრობა დასტურდება კეპაშვილის ერთ-ერთ facebook-პოსტზე, რომელიც საჯარო იყო 29 ივლისის მდგომარეობით.

facebook-ის მიხედვით, ელენა თოდუას მეუღლე გიორგი ხარიტონაშვილია, რომელსაც დასაქმების ადგილად, სოც.ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვს მითითებული.

ის, რომ ელენა თოდუა წლებია შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, მოწმობს მის მიერ 4 წლის წინ დაწერილი ეს კომენტარიც – „უსაყვარლესი და უჭკვიანესი ხელმძღვანელი“.

მისი ეს შეფასება, სავარაუდოდ კახა ბუხრაძეს მიემართება, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა იმედა მაკასარაშვილთან ერთად. კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იმედა მაკასარაშვილი კი მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო.

„პუბლიკა“ შეკითხვებით ელენა თოდუასაც დაუკავშირდა – facebook-ის მეშვეობით. მანაც, კეპაშვილის მსგავსად, ჟურნალისტი, სავარაუდოდ, დაბლოკა.

თათია კაცაძე სატელეფონო ზარზე გვიპასუხა თათია კაცაძემ. მან გვითხრა, რომ სამმართველოდან წავიდა, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი არ სურს.

„რატომ აღარ ვმუშაობ – ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, მაგაზე თქვენთან საუბარს არ ვაპირებ… ეგ უკვე ჩემი პირადი ცხოვრების თემაა, რამდენი ხანი ვმუშაობდი, სად და როგორ… ვმუშაობდი და დავასრულე, წამოვედი, გადავედი სხვა სამსახურში. დეტალების განხილვას თქვენთან ნამდვილად არ ვაპირებ”, – გვითხრა თათია კაცაძემ.

ოთარ გვიმრაძე – გვიმრაძეს მცირე რაოდენობის – 59 facebook-მეგობარი ჰყავს, თუმცა მათ შორის არის თამთა ქიმბარიშვილი.

მისი მწირედ ხელმისაწვდომი აქტივობებიდან ირკვევა, რომ გვიმრაძის დედა მაია ხუროშვილია (ოფიციალურად მაია გვიმრაძე). გვიმრაძის ფოტოსურათი, რომელიც ზემოთ არის ჩასმული, სწორედ დედამისს ჰქონდა facebook-ზე საჯაროდ განთავსებული [ბოლო ნახვა 29.07.2026].

„პუბლიკა“ ოთარ გვიმრაძესთან დაკავშირებას ცდილობს.

მასალაზე მუშაობისას დავურეკეთ სამმართველოს ხელმძღვანელს, თამთა ქიმბარიშვილსაც. მივწერეთ შეყტობინებაც და შევთავაზეთ კომენტარი როგორც მას, ასევე მისი სამმართველოს თანამშრომლებს. ქიმბარიშვილმა სატელეფონო ზარი გავგითიშა და არც შეყტობინებაზე გვიპასუხა.

ქიმბარიშვილთან ჩვენი შეკითხვა ასევე შეეხებოდა აშშ-ის საელჩოს ბოლოდროინდელ შეფასებას, სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ სამმართველოს გამო.

30 ივლისს ქიმბარიშვილს სამმართველოს შენობასთანაც ვთხოვეთ კომენტარი, თუმცა ინტერვიუზე ის არც ამ შემთხვევაში დაგვთანხმდა.

მივწერეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც – ამ გზით კიდევ ერთხელ  ვეცადეთ, შეკითხვები დაგვესვა სამმართველოს თანამშრომლებისთვის, ასევე ხელმძღვანელს.

სამმართველოში დასაქმებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორებისგან გვაინტერესებდა სამმართველოში მათი მუშაობის მოტივაციაზე, მათთვის დაკისრებული მოვალეობის სპეციფიკაზე, ვკითხეთ ასევე მათ მიერ შედგენილი ოქმების რაოდენობაზე და სხვა. კითხვებთან ერთად დამატებით შევთავაზეთ პირისპირ ინტერვიუ.

დავინტერესდით სანდრო კეპაშვილის განმარტებით, რამდენად სამართლიანია ადამიანების დაჯარიმება ან დაპატიმრება ისეთი ლექსიკის გამო, რომელიც სოციალურ ქსელში თავადაც გამოუყენებია.

მასალის გამოქვეყნების დროისთვის უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


„სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს მიერ სასამართლოში შეტანილ საქმეებზე შსს-ს ძირითადად იურიდიული დეპარტამენტის 5 იურისტი წარმოადგენს. ესენი არიან: მარიამ კერესელიძე, სალომე ქირია, ანი კაკიაშვილი, ნათია გიგლემიანი და ანდრო გურული.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ახლადშექმნილი უწყებაა, რომელიც 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. ინიციატივის შესახებ საზოგადოებას მამუკა მდინარაძემ მაისის თვეში ამცნო.

მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულება იმგვარი გარემოს შექმნაა, სადაც დაცული იქნება „განსხვავებული აზრი და მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება“.

განვლილი ორი თვის განმავლობაში სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სასამართლომ არაერთი პირი დააჯარიმა. სოციალურ ქსელებში აქტივობების გამო დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ 6 ათას ლარამდეც მიაღწია. დააჯარიმეს ისეთი პირებიც, რომელთა კომენტარების ადრესატებსაც პრეტენზია არ ჰქონიათ.

სამმართველოს ამოქმედების შემდეგ, მედიისთვის ცნობილი გახდა Facebook-აქტივობების გამო დაპატიმრების ორი შემთხვევა – 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ჟურნალისტ ვახო სანაიას, აქტივისტმა გიორგი ახობაძემ კი იზოლატორში 25 დღე უნდა გაატაროს.

კომენტარებისა თუ პოსტების ადრესატები იყვნენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პირები და ა.შ.

შსს-ის იურისტის, სალომე ქირიას 28 ივლისის კომენტარით, ამ დრომდე საქართველოს მასშტაბით სასამართლოებში გადაგზავნილია 200-მდე საქმე. 130-მდე საქმის განხილვა კი დასრულებულია.


„ცენზურის ინსტიტუციური მექანიზმი“, „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა”, „მსუსხავი ეფექტის შექმნა” – სამმართველოს მიერ დამკვირდებულ პრაქტიკას  მკაცრად აკრიტიკებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შესაძლოა, უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს. გამოყენებული სანქციების სიმძიმე, გამოხატვის კონტროლის მასშტაბი და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოხატვის კონტექსტისა და პოლიტკურ დისკუსიაში მისი როლის უგულებელყოფა საზოგადოებაში ცენზურის ფონს ქმნის, მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება და უხეშად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას”, – წერს სამმართველოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მუხლი, რომლის საფუძველზეც სამმართველო სამართალდარღვევის ოქმებს ადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316 მუხლია, ეს მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების (და არამხოლოდ) შეურაცყოფისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

საია წერს, რომ აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის დასაწყისში, შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველ სხვა ნორმებთან ერთად გაჩნდა.

„ეს ნორმა გააკრიტიკა, მათ შორის, ეუთო ოდირმა, რომლის მიხედვითაც მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“ მითითება რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე. ეს იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას.

ODIHR-ის რეკომენდაციით, სახელმწიფომ უნდა გადახედოს ამ მუხლს მისი პოტენციური მსუსხავი ეფექტის გამო და შეცვალოს ის, მინიმუმ, იმგვარად, რომ შეიცავდეს დარღვევის დამდგენი ელემენტების უფრო ზუსტ განმარტებას. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც შეურაცხყოფა სიმწვავის გარკვეულ ზღვარს აღწევს”, – წერია საიას განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება ბოლო წლებში ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მზარდად და მეთოდურად შეზღუდვის პროცესის მორიგი საგანგაშო შემთხვევაა.

„[…] ფიზიკურ თუ ონლაინ სივრცეებში საპოლიციო მონიტორინგის სისტემის შემოღება საგანგაშო და თვითნებურია, კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში საზოგადოების საპოლიციო კონტროლის მექანიზმებს და შეიცავს მოქალაქეებში გამოხატვაზე „მსუსხავი ეფექტის“ მასობრივად დამკვიდრების, საჯარო დებატებში მონაწილეობისგან თავშეკავებისა და პოლიტიკური ცენზურის საფრთხეებს”, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის საელჩოც:

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

სამმართველოს ამუშავების შემდეგ მმართველი პარტიის წევრები „სიძულვილის ენის” გამოყენების შემთხვევების შემცირებაზე საუბრობენ:

„განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სიძულვილის ენამ იკლო. რა თქმა უნდა გვყავს ჩვენ გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები – მათ არაფერი არ გამოასწორებთ, მათი ნირი არის ასეთი – რომ უნდა იძალადონ, ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილანძღონ. ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.