სამმართველომ, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით დაიწყო მუშაობა

პუბლიკა

სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას შეუდგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების განცხადებით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები „ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს“.

„სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.

სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


18 მაისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში „სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას“ მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იქონიებს. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.

21 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევისას აქცენტი მოქმედ თანამშრომლებზე გაკეთდებოდა. ისინი გამოცდილების მიხედვით სხვადასხვა დანაყოფებიდან შეირჩევიან, შემდეგ კი ეტაპობრივად ახალ კადრებსაც მიიღებენ.

დარახველიძემ ასევე აღწერა, როგორ უნდა იმუშაოს სამმართველომ. მისი თქმით, უნდა დაიწყონ იმ კრიტერიუმით, რომელიც კანონში წერია, ესაა ლანძღვა, გინება და შეურაცხმყოფელი გადაკიდება, შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, ვის მიემართება ეს ლანძღვა-გინება და გაირკვეს, ის მიზნად ისახავდა ღირებულ კრიტიკას, თუ იყო უბრალოდ ვულგარული, უხამსი გამონათქვამი. დარახველიძემ მოიხმო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, მისი თქმით, ამბობს, რომ გამონათქვამები კონტექსტში უნდა შეფასდეს.

დარახველიძის თქმით, სიძულვილის ენის უნივერსალური განმარტება არ არსებობს, თუმცა ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე.

„როდესაც კონკრეტული პირი, ვინც ამ გამონათქვამებს იყენებს, არ აყენებს კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფას და ამ უხამსი გამონათქვამებით რაიმე პოლიტიკას აკრიტიკებს, ან მის შეხედულებას აფიქსირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით და არა კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, ასეთ შემთხვევაში, ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. აქ ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე.

თითოეული კრიტიკა, თავდასხმა იქნება, უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი, თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებას, ამ შემთხვევაში, უკვე ერთვება კანონი. ამ შემთხვევაში კანონი გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ადამიანის ღირსება“, – განაცხადა მან.