ვინ არის სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი

პუბლიკა

სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას 1 ივნისს შეუდგა.

სამმართველოს ხელმძღვანელად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.

თამთა ქიმბარიშვილი პროტესტთან დაკავშირებულ არაერთ ადმინისტრაციულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი იყო სასამართლოში.

თამთა ქიმბარიშვილის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო 2025 წლის 24 ივნისს მოსამართლემ მოქალაქე 2500 ლარით დააჯარიმა.

გასულ წელს 2025 წლის 4 ივნისს მაშინდელმა შს მინისტრმა გეკა გელაძემ შსს-ს იურისტებს, მათ შორის, თამთა ქიმბარიშვილს „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“ მადლობის სიგელი გადასცა.

თამთა ქიმბარიშვილის საქმეები „პუბლიკის“ არქივიდან

2025 წლის ივნისში ის მხარე იყო „კოალიცია ცვლილებების“ წევრების: მირანდა ბაღათურიას, ანა ყურაშვილის, ანი ქავთარაძისა და საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძის საქმეებზე.

ქიმბარიშვილმა ბაღათურიას, ყურაშვილისა და სხვიტარიძის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

მისი მოთხოვნის საფუძველზე თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ყურაშვილი, ბაღათურია და ქავთარაძე კი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით ჰქონდა დაწყებული. შსს-ს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ მათ „მონა“ და „ცრუ მოწმე“ უწოდეს პოლიციელ მირიან ქავთარაძეს.

მირიან ქავთარაძე საბა სხვიტარიძის საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი. საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირსპირების გამო. პროკურატურის მტკიცებით, ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პროკურატურა და მოწმეები თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ საბა სხვიტარიძემ იცოდა, პოლიციელს რომ ესხმოდა თავს.

საბოლოოდ პროკურატურამ სასამართლოში საქმის გადაკვალიფიცირება მოითხოვა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით. პროკურორმა განაცხადამ რომ „შესაძლოა, ბრალდებულს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას“.

თამთა ქიმბარიშვილი იყო შსს-ს წარმომადგენელი სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძის საქმეზეც. ლიკა ლორთქიფანიძეს სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოს მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა.

თამთა ქიმბარიშვილი წარმოადგენდა შსს-ს 76 წლის გურამ ქუხილავას საქმეზე. გურამ ქუხილავა ამბობდა, რომ რუსთაველის მეტროსთან შეაჩერეს, დათვალიერების შედეგად ჯიბეში პირბადე აღმოუჩინეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი თქმით, განყოფილებაში გააშიშვლეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ოქმზე ხელი მოაწერინეს და გამოუშვეს.

თამთა ქიმბარიშვილი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ქუხილავა არ დაუკავებიათ, ის სამმართველოში იდენტიფიცირებისთვის გადაიყვანეს და პირადი გასინჯვა ჩაუტარეს. გურამ ქუხილავას სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

2025 წლის 22 ოქტომბერს ქიმბარიშვილი წარმოადგენდა შსს-ს რეჟისორ გიორგი თავართქილაძის გზის გადაკეტვის საქმეზე.

ამ პერიოდში პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გზის ხელოვნური გადაკეტვა 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას დაექვემდებარა. კანონში ცვლილების საფუძველზე შსს-მ აქციის მონაწილეები დააკავა, რის შემდეგაც გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და მოითხოვა, რომ ისიც დაეკავებინათ. სასამართლო 2 დღის შემდეგ გაიმართა.

თამთა ქიმბარიშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ „რადგან გიორგი თავართქილაძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა და აღიარებს დანაშაულს, გამოყენებული იქნას სიტყვიერი შენიშვნა“.

თავართქილაძის ადვოკატის პოზიციით, ეს არ იყო გამოძიებასთან თანამშრომლობა, ეს იყო სხვა დაკავებულების მიმართ სოლიდარობის აქტი და განაცხადი, რომ არ ეშინია უსამართლო კანონმდებლობის. საბოლოოდ მოსამართლემ თავართქილაძე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

2024 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა მოქალაქე სოციალურ ქსელში შსს-ს იურისტზე დაწერილი კომენტარის გამო 2500 ლარით დააჯარიმა.

მოქალაქემ კომენტარი, რომელიც სამართალდარღვევად შეფასდა, პოლიტიკოს ლაშა ჩხარტიშვილის პოსტზე 27 აპრილს დაწერა. იმ დროს თამთა ქიმბარიშვილი სასამართლოში ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შსს-ს წარმოადგენდა.

კომენტარის შინაარსი ასეთი იყო: „ახალგაზრდა გოგო და ასეთი ძუკნა“.

ქიმბარიშვილი ერთ-ერთია იმ იურისტებს შორის, რომელსაც ახალმა მინისტრმა, გელა გელაძემ „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“ მადლობის სიგელი გადასცა.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გავრცელდა თამთა ქიმბარიშვილის კომენტარი, რომელიც განმარტავს, როგორ იმუშავებს სამმართველო.

„სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე”, – განაცხადა თამთა ქიმბარიშვილმა.