თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა 4000-4000 ლარით დააჯარიმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის თანამშრომლები მირანდა ბაღათურია და ანა ყურაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით ჰქონდა დაწყებული. უწყება ბაღათურიას და ყურაშვილის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
შსს-ს იურისტები თამთა ქიმბარიშვილი და მაია წიწილაშვილი, ასევე მათ მიერ მოწმედ წარმოდგენილი პოლიციელები ირწმუნებოდნენ, რომ მირანდა ბაღათურიამ და ანა ყურაშვილმა „მონა“ და „ცრუ მოწმე“ უწოდეს პოლიციელ მირიან ქავთარაძეს.
შემთხვევა, რომლის შემდეგაც რამდენიმე პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, 17 აპრილს მოხდა. მირიან ქავთარაძე, რომელიც საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, ამ დღეს გამოიკითხა და სასამართლოს შენობა საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
მირანდა ბაღათურია ამბობს, რომ საბა სხვიტარიძის პროცესის დროს თვითონ ნიკა გვარამიას პროცესზე იმყოფებოდა და როდესაც სასამართლოს შენობიდან გამოვიდა, მირიან ქავთარაძე უკვე წასული იყო.
ბაღათურია საბა სხვიტარიძის საქმის მოწმეა. ადვოკატის განმარტებით, ამ მიზეზით ის არც სხვიტარიძის პროცესებს ესწრება და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, როცა სასამართლოს შენობაშია, სხდომათა დარბაზსაც არ უახლოვდება ხოლმე.
ანა ყურაშვილი კი ამბობს, რომ სხვიტარიძის პროცესის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზში დარჩა და მირიან ქავთარაძეს შეძახილებით უკან არ გაჰყოლია.
შსს-ს მირანდა ბაღათურიას საქმეზე ვიდეომასალა არ წარმოუდგენია, ანა ყურაშვილის საქმეზე კი წარმოადგინეს კადრები იმ პროცესიდან, რომელზეც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი გამოიკითხა – ეს 22 აპრილს მოხდა. ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ მომზადებული რეპორტაჟი სალომე ედიშერაშვილის გამოკითხვას და მის მიმართ გამოხატულ პროტესტს შეეხება. კადრებში სხდომათა დარბაზში ხმაური ჩანს. შსს-ს იურისტმა განაცხადა, რომ ამ ვიდეოთი ანა ყურაშვილის პიროვნება ხასიათდება.
ოთხმა პოლიციელმა, რომლებმაც მირიან ქავთარაძე სხდომათა დარბაზიდან ეზომდე გააცილა, სხვადასხვა ჩვენება მისცა – მაგალითად, ერთი ვერსიით, მირანდა ბაღათურიამ მირიან ქავთარაძის ნახვა ვერ მოასწრო; მეორე ვერსიით, ის მას პირველად ფოიეში შეხვდა, შემდეგ კი ეზოში მიაყენა შეურაცხყოფა; მესამე მოწმეს ბაღათურია ფოიეში არ უნახავს – მისი თქმით, მირანდამ ქავთარაძეს მაშინ მიაყენა შეურაცხყოფა, როცა მანქანაში ჯდებოდა; მეოთხე მოწმეს, რომელმაც ბაღათურია სასამართლოს კიბეებზე დაინახა, არ ახსოვს, ის კონკრეტულად რას ამბობდა.
საქმეში დევს მირიან ქავთარაძის პატაკიც, რომელშიც წერია, რომ გაიგონა, როგორ აყენებდნენ ბაღათურია და ყურაშვილი შეურაცხყოფას.
„ტყუილს ხომ არ ვიტყვი?!“ – რა თქვეს შსს-ს მოწმეებმა
შსს-ს ოთხივე თანამშრომელი ამბობს, რომ საბა სხვიტარიძის პროცესის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზთან იყვნენ, მირიან ქავთარაძის გამოსვლის შემდეგ კი მას ეზოში გამოჰყვნენ.
პირველმა მოწმემ, 30 წლის თორნიკე ჯაფარიძემ, რომელიც თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივი და მირიან ქავთარაძის დაქვემდებარებულია, 17 აპრილს მომხდარი შემდეგნაირად გაიხსენა:
„17 აპრილს ვიმყოფებოდი პროცესის გარეთ, დერეფანში. დამთავრდა მირიანის პროცესი, იყო არეულობა, შეძახილები, მოჰყვებოდნენ მირიანს და ქალბატონი ანა ყურაშვილი მოჰყვებოდა უკან სხვა ადამიანებთან ერთად და შეძახილები იყო: „მოძალადე პოლიციელი“, „მწამებელი“…
მირანდა ბაღათურია უკვე მირიანი რომ ჩაჯდა მანქანაში და დაიძრა მანქანა, მერე გამოიქცა და კითხულობდა, ვერ მოვუსწარი და ნუ წავიდა, „მოძალადე პოლიციელმა გამასწროო“. – აქვე მოწმემ დაადასტურა, რომ მირანდა ბაღათურიას მირიან ქავთარაძე არ უნახავს.
თორნიკე ჯაფარიძემ თქვა, რომ ანა ყურაშვილი სხდომათა დარბაზში შეამჩნია და დაიმახსოვრა, „მირიანი რომ შევიდა, იქიდანვე რაღაც ზიზღიანი თვალებით უყურებდაო“, შემდეგ კი გარეთაც დაინახა, როგორ აყენებდა ის ქავთარაძეს შეურაცხყოფას.
შეკითხვაზე, რატომ ახლდა სასამართლოში მირიან ქავთარაძეს, ჯაფარიძემ თქვა, რომ მისი ხელმძღვანელია და „უბრალოდ წამოჰყვა“.
მეორე მოწმის, 28 წლის დეტექტივის, ომარ ხაჯიშვილის ვერსიით, მირანდა ბაღათურია სასამართლოს ფოიეში ნახა და როცა მირიან ქავთარაძე სხდომათა დარბაზიდან გამოვიდა, ბაღათურია მას იქ შეხვდა, თუმცა მისთვის ფოიეში შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
„[მირანდა ბაღათურია ვნახე] ფოიეში. [მირანდა ბაღათურიამ ფოიეში ნახა მირიან ქავთარაძე?] დიახ, მე ასე დავინახე. არ დამინახავს, რომ ფოიეში [ქავთარაძისთვის] რამე დაეძახოს, მე პირადად არ დამინახავს, ტყუილს ხომ არ ვიტყვი?!“ – თქვა მან.
ხაჯიშვილის თქმით, უკვე შენობის გარეთ გასულმა დაინახა, რომ ბაღათურიამ ქავთარაძეს უწოდა „მონა“, „ზონედრი პოლიციელი“, „ცრუ მოწმე პოლიციელი“. მისი თქმით, ბაღათურია ქავთარაძესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა ვერ დაეწია, მაგრამ ქავთარაძეს შეეძლო, შეურაცხმყოფელი ფრაზები გაეგონა.
მოწმემ ასევე თქვა, რომ საქმიანობიდან გამომდინარე ანა ყურაშვილსაც იცნობდა და დარბაზში დაინახა, თუმცა ეზოში აღარ დაუნახავს.
მესამე მოწმის, 29 წლის პოლიციელის, ვანო გავაშელიშვილის ვერსიით, მირანდა ბაღათურია ფოიეში არ დაუნახავს. მაშინ შენიშნა, როცა მირიან ქავთარაძე მანქანაში ჯდებოდა, ის კი შეურაცხმყოფელი შეძახილებით გამორბოდა.
„მე შევნიშნე, ვიცანი ანა ყურაშვილი და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი. […] ქაოსი იყო… ანა დარბაზში იყო და გამოჰყვა მირიანს და მიჰყვა ბოლომდე.
მირანდა შევნიშნე უკვე გარეთ რა, ეზოში, სანამ მირიანი მანქანაში ჩაჯდებოდა, მაგ დროს გამორბოდა შეძახილებით. „მონას“ ყვიროდა, როგორც მახსოვს და მსგავსი სახის შეძახილები იყო. „ცრუ მოწმეც“.
მეოთხე მოწმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გოჩა ონიანი იყო.
ონიანმა თქვა, რომ დაინახა, ანა ყურაშვილი როგორ ეძახდა ფოიეში ქავთარაძეს „მონას“, მირანდა ბაღათურია კი პირველად სასამართლოს კიბეებზე დაინახა. მან არ იცის, რას ამბობდა კონკრეტულად მირანდა ბაღათურია.
„მირანდა ბაღათურია კონკრეტულად რას იძახდა, ვერ გავიგონე, ვერ დავადგინე“, – თქვა მან.
მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ შსს-ს წარმომადგენელმა თამთა ქიმბარიშვილმა ანა ყურაშვილის და მირანდა ბაღათურიას პატიმრობა იშუამდგომლა:
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ქალბატონი მირანდა დარბაზთან ელოდებოდა ბატონ მირიანს და დარბაზიდანვე დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ როდესაც ბატონი მირიანი ტოვებდა სასამართლოს შენობას, ქალბატონი მირანდა შემდეგ შეუერთდა ხალხის ნაკადს და იქიდან შეძახილებით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ როდესაც მოწმეს, ბატონ ომარს დავუსვით შეკითხვა, მან ბრძანა, რომ მირიანი მანქანამდე არ მიუცილებია, სასამართლოს კარებთან გაჩერდა და იმ დროს გამოვიდა ქალბატონი მირანდა და ბატონი ომარი ამ შეძახილს გაიგებდა. ეზო დაცარიელებული იყო, ვერ ვიტყვით, რომ სასამართლოს გამოსასვლელიდან შეძახილი არ იქნებოდა აღქმადი ბატონი მირიანისთვის, მოქალაქეები იქ თითქმის არ იყვნენ. ქალბატონი მირანდას შეძახილი „მონა“ გაიგეს მოწმეებმა.
რაც შეეხება იმას, რატომ წარმოვადგინეთ საბა სხვიტარიძის სხდომიდან ამოღებული ვიდეომასალა, რომელიც ტელევიზიაში იყო გავრცელებული: დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებას, პიროვნებაც უნდა შეფასდეს. ქალბატონ ანას მოქმედებები ვნახეთ ამ მასალაში. ვერ ვიტყვით, რომ ის ძალიან მშვიდი პიროვნებაა, ყველა ვიდეოში აგრესიით გამოირჩევა… მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ინფორმაცია, სადაც დგინდება, რომ ქალბატონი ანა რამდენჯერმეა სახდელდადებული 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, მეტყველებს, რომ კანონმორჩილი პიროვნება არაა“, – თქვა მან.
მცირეხნიანი თათბირის შემდეგ მოსამართლე თეთრაულმა ბაღათურია და ყურაშვილი 4000-4000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლო ხვალ, 2 მაისს ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკეს და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავს.
საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირსპირების გამო. პროკურატურის მტკიცებით, ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.
რა მოხდა 4 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტთან“
სხვიტარიძეს ბრალი 4 დეკემბერს „ქორთიართ მარიოტთან“ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ედება. სასტუმროსთან შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყვნენ პირები, რომელთან ეკეთათ პირბადე, ნაწილს ეხურა კაპიუშონი.
როგორც შემდგომ გაირკვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პოლიციელები იყვნენ, მათ შორის იყო მირიან ქავთარაძეც.
დაცვის მხარის თქმით, „ადგილზე მყოფი პოლიციელები გამოიყურებოდნენ, იქცეოდნენ და ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობენ ე.წ. ტიტუშკები“.
მათივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე თავდაპირველად ხელს ურტყამს თეონა ჭალიძეს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება და ამან ჩააყენა საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში.
„აგრესია დაიწყო მაშინ, როცა მირიან ქავთარაძემ გაარტყა ხელი მოქალაქე თეონა ჭალიძეს და გაიწია იქ მყოფი აქციის მონაწილეებისკენ. ამან გამოიწვია კონფლიქტი და აგრესია… არ იცოდნენ და არც შეიძლება სცოდნოდა ვინმეს, რომ ესენი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები“. – ამბობს საბა სხვიტარიძის ადვოკატი.
17 აპრილის პროცესზე მირიან ქავთარაძემ თქვა, რომ დაპირისპირების დროს მას თავში ჩაარტყეს რკინისმაგვარი საგანი, რის შედეგადაც თავის არეში დაზიანება მიიღო. მისი თქმით, თავი გაუტყა ორგან და დასჭირდა ოთხი ნაკერი.
თავად საბა სხვიტარიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რამდენჯერმე სცემეს და აწამეს.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.